თავი 4, გაკვეთილი 36

პირადი ცხოვრების უფლება

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლებაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. (მუხლი 15)

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით. თუმცა, პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება.

შესაბამისად, შეუძლებელია პირადი ცხოვრების უფლებით  დაცული სიკეთეების გარკვეულ ჩარჩოში ჩასმა, რაც თავისმხრივ ხაზს უსვამს ამ უფლების მნიშვნელობას. 

2011 წელს საქართველომ მიიღო კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

კანონის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის  ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს. პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია  საიდენტიფიკაციო ნომრით (პირადი ნომერი) ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

კანონით, ასევე განსაზღვრულია პირის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან,  პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;

აღსანიშნავია, რომ  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები დაცვის უფრო  მაღალი სტანდარტით სარგებლობს.

ყველა ადამიანს,  მათ შორის ბავშვებსაც აქვთ უფლება  დაიცვან  საკუთარი ცხოვრება სხვების არასასურველი ყურადღებისგან, არ გაასაჯაროონ ისეთი დეტალები, რომელიც უკავშირდება მათ ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, პირად მიმოწერას, პირადი ფოტოების გამოყენებას და ა.შ.

პირადი ცხოვრების უფლების შელახვა ყოველთვის წარმოადგენდა გამოწვევას ადამიანებისთვის, დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში კი ამ უფლების რეალიზების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. საჯარო ინტერესის შემთხვევაში პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა. სწორედ ამით განსხვავდება საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისაგან.

საჯარო ინტერესი არსებობს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა:

  • მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანა
  • სახელმწიფო  სახსრების არასათანადოდ გამოყენება
  • თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები
  • სახელმწიფოს სისტემური დანაშაული
  • ეროვნული უსაფრთხოების დაცვა

ცხადია, ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. რაც უფრო მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს პირის პირად ინტერსს.

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს აუცილებელია არგუმენტირებულად იყო დასაბუთებული, თუ რატომ გასაჯაროვდა პირის პირადი ინფორმაცია და ასევე, მნიშვნელოვანია ამ პირის თანხმობის ქონა მისი პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნებაზე.

ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში შეჭრად მიიჩნევა.

პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაცულია საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“. კანონის თანახმად ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაცვა ან თავად დაასახელოს და წერილობით დაადასტუროს, თუ კონკრეტულად ვის შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.

ბავშვის უფლებები, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლება ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს. ამიტომ საზოგადოებას  აკისრია უდიდესი პასუხსიმგებობა დაიცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. 

სკოლა და პირადი ცხოვრების უფლება

სკოლებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ხშირად აქვთ შეხება მოსწავლეების და მათი მშობლების  პირად  ინფორმაციასთან. იმისათვის, რომ დაცული იყოს მოსწავლეების  და მათი ოჯახების პირადი ცხოვრება, სკოლა, როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად პასუხისმგებელია ეს ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით შეინახოს და გამოიყენოს.

სკოლაში დაცულ პირად  საიდუმლოებას განეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია: მოსწავლის ფოტოსურათი და პერსონალური მონაცემები, მათ შორის; მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო შემოწმების შედეგები; ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; საკონტროლო/საგამოცდო ნაშრომები;

სკოლის მიერ მოსწავლეების და მათი ოჯახის წევრების  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია:  

მოსწავლეთა პირადი მონაცემების შენახვა მკაცრად კონფიდენციური ფორმით;

ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ  მოსწავლის მშობლის ან  კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის/თანხმობის საფუძველზე.

მოსწავლის მშობელთა ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთა პირდაპირი თანხმობა სჭირდება სხვადასხვა მიზნებისათვის შემდეგი ინფორმაციის შეგროვებას:

  • მოსწავლის ან მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური თუ ეროვნული კუთვნილების შესახებ;
  • გონებრივი და ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ;
  • სექსუალური ქცევისა და მიდგომების შესახებ;
  • ადვოკატის, ჟურნალისტის, ექიმისა და სასულიერო პირებისათვის გამხელილი ფაქტებისა თუ მოსაზრებების შესახებ.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოსწავლის ან მისი მშობლის პირადი ინფორმაციის კანონის დარღვევით გაცემის შემთხვევაში მოსწავლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა საკითხის შესწავლის მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორს.

 

მედია და ბავშვის უფლებები

მედიის ქცევის კოდექსების უმრავლესობა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე ცალკე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან, როგორ უკვე აღვნიშნეთ ბავშვების უფლებები ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს, მათ შორის მშობლების მიერაც. 

ბავშვთა საკითხებზე მუშაობისას ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან კონკრეტული პრინციპები. 16 წლამდე ასაკის ბავშვებთან ინტერვიუს ჩასაწერად ან გადაცემაში წარსადგენად აუცილებელია ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;  საჭიროა ბავშვის სახის დაფარვა, როდესაც შესაძლებელია მას მიადგეს რაიმე სახის ზიანი, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარესდეს მისი მდგომარეობა.

ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია როდესაც ის არის:

  • ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი;
  • ბრალდებული/მსჯავრდებული/მოწმე;
  • არის ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში;
  • რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან.

თუმცა, რიგ შემთხვევებში ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ