ადამიანი სოციალური არსებაა, მას სჭირდება სხვა ადამიანთან ურთიერთობაში ყოფნა და სოციალიზაცია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები: ოჯახური, მეგობრული, რომანტიკული, სამსახურეობრივი, პროფესიული და სხვა.
ოჯახური ურთიერთობები
ჩვენი ოჯახის წევრები ან ნათესავები არიან ისინი, რომლებთანაც დაკავშირებულნი ვართ რაიმე სახის ნათესაობით, იქნება ეს სისხლი (მაგალითად დედ-მამა, და-ძმა), ქორწინება (მაგალითად არაბიოლოგიური ბიძა, მშობლები, ბიცოლა) რომანტიკული ურთიერთობა (მაგალითად მშობლის მეგობარი ქალი ან მამაკაცი). გარდა იმისა, რომ ოჯახი მოიცავს დედ-მამასა და დედმამიშვილებს, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ, იგი აგრეთვე გულისხმობს ისეთ ნათესავებს, როგორებიც არიან დეიდები, ბიძები, ბებია-ბაბუები, რომლებსაც, შესაძლოა არც ისე ხშირად ვნახულობთ.
ოჯახის გაგება მრავალგვარია, მაგალითად: მარტოხელა მშობელი, მიმღები ოჯახი (დედინაცვალი ან მამინაცვალი). იდეალურ შემთხვევაში, ადამიანს უნდა ჰქონდეს მჭიდრო კავშირი საკუთარ ოჯახთან, ოჯახის წევრები უნდა გრძნობდნენ სიყვარულს და სიახლოვეს ერთმანეთის მიმართ, უნდა ენდობოდნენ და ჰქონდეთ საშუალება, ღიად ისაუბრონ პირადულ საკითხებზე. მშობლებისა და ნათესავების მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდა შესთავაზონ შვილებს წინ გაძღოლა, აღრზდა, მზრუნველობა, მხარდაჭერა და, საჭიროების შემთხვევაში, დისციპლინირება. მოსიყვარულე ოჯახის წევრებს შორისაც კი ზოგჯერ უთანხმოება ხდება, მაგრამ ოჯახების უმეტესობაში, ასეთი შემთხვევები ხანმოკლეა და გაბრაზებისა და ტკივილის მომენტებშიც კი, ისინი მაინც ზრუნავენ და უყვართ ერთმანეთი. საუკეთესო შემთხვევაში, ოჯახური ურთიერთობები სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, თუმცა, ბუნებრივია, შვილების ზრდასთან ერთად იმატებს მათი დამოუკიდებლობის ხარისხი და აღზრდას ანაცვლებს ურთიერთმხარდაჭერა მშობლებსა და შვილებს შორის.
ხანდახან, როდესაც მოზარდი გარდატეხის ასაკში შედის, მასსა და მშობლებს შორის კონფლიქტი ხშირდება გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდას რთული პერიოდი აქვს, ერთი მხრივ, მის სხეულში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გარდაქმნები, რაც მომწიფებას უკავშირდება და მეორე მხრივ, ეს პერიოდი ფსიქოლოგიურადაც რთულია ადამიანისათვის, რადგან ის ცდილობს იპოვნოს საკუთარი თავი და ადგილი სოციუმში. ეს პროცესი სავსებით ნორმალურია და უმეტესწილად, სირთულეები აღნიშნული ასაკის გავლისთანავე სრულდება. ოჯახთან კარგი ურთიერთობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰარმონიული ურთიერთობის პირობებში, ოჯახის მხარდაჭერა სამუდამოა.
ოჯახთან კავშირი დიდ როლს თამაშობს პიროვნულ კეთილდღეობაში. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობის ქონა მშობლებთან. ჰარმონიულ ოჯახში გაზრდილ ბავშვს უადვილდება სხვა ურთიერთობების მართვაც, როგორიცაა მეგობრობა, რომანტიკული კავშირები, სამსახურეობრივი ურთიერთობები და სხვა. ზოგიერთ ოჯახში სიყვარულს ფიზიკურადაც გამოხატავენ: კოცნა, ჩახუტება, თავზე ხელის გადასმა, ზურგზე ხელის დადება და სხვა. ზოგიერთ ოჯახებში ფიზიკურ კონტაქტს ნაკლებად ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ მცირე ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ სიყვარულის ფიზიკური კონტაქტით გამოვლინება, ამ დროს ისინი უფრო ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.
მეგობრობა
მეგობრებს ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ესენი არიან ადამიანები, ვისაც ვენდობით, პატივს ვცემთ და გვაინტერესებს. კარგი მეგობრობა დამყარებული უნდა იყოს გულწრფელობაზე, ერთგულებასა და მხარდაჭერაზე. იმისათვის, რომ მან იარსებოს, ორივე ადამიანი ერთმანეთს მეგობრად უნდა მიიჩნევდეს. მეგობრობაში არსებობს განსხვავებული ხარისხები, ზოგ მეგობართან უფრო ახლო ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვებთან. სასურველია, იმ მეგობარს, რომლსაც ცოტა ხანია, რაც ვიცნობთ, ან არც თუ ისე ხშირად ვხედავთ, არ ვესაუბროთ პირად საკითხებზე. ჩვენ შეიძლება თავი უფრო კომფორტულად და დაცულად ვიგრძნოთ იმ მეგობრების გარემოცვაში, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობთ, ან დიდ დროს ვატარებთ მათთან ერთად. მეგობრები, რომლებიც ახლოს არიან და ერთმანეთს კარგად იცნობენ, ხშირად „საუკეთესო მეგობრებად“ იწოდებიან. კარგი მეგობრები ერთმანეთს პატივს სცემენ და ენდობიან, მათ ხშირად საერთო ინტერესები და შეხედულებები აქვთ. მეგობრობაში განსხვავებულია მისალმების სტილიც. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ერთმანეთთან ახლო დამოკიდებულებას გადაკოცნითა და ჩახუტებით გამოხატავს, მაშინ, როდესაც დანარჩენები ამჯობინებენ, რომ ფიზიკური კონტაქტი ხელის ჩამორთმევის დონეზე შეინარჩუნონ.
ნაცნობობა
ნაცნობები არიან ადამიანები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ, მაგრამ არ არიან არც ნათესავები და არც მეგობრები. მაგალითად, ნაცნობი შეიძლება იყოს მეზობელი, რომელიც ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობს, კოლეგა, ან ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვნახეთ რამდენჯერმე, თუმცა კარგად არ ვიცნობთ. როგორც წესი, ურთიერთობა იწყება ნაცნობობით და დროთა განმავლობაში გადაიზარდება მეგობრობაში, რადგან ადამიანთან საერთო ინტერესებს ვპოულობთ, მეტ დროს ვატარებთ და მისი ახლოდან გაცნობის საშუალება გვეძლევა. ნაცნობთან ფიზიკური კონტაქტი მინიმალურია. ტრადიციულად, ასეთ ადამიანებთან კონტაქტი უბრალოდ გაღიმებითა და თავაზიანი მისალმებით შემოიფარგლება.
რომანტიული ურთიერთობები
რომანტიულია ურთიერთობა, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი იზიდავთ როგორც პიროვნულად, ასევე ფიზიკურად. რომანტიკულია ურთიერთობა, რომელიც არსებობს მეგობარ გოგონასა და ბიჭს შორის (ჰეტეროსექსუალ წყვილში), მეგობარ ბიჭსა და ბიჭს ან მეგობარ გოგონასა და გოგონას შორის (ჰომოსექსუალურ წყვილებში), მეუღლეებში (ქორწინებისას), ცხოვრების პარტნიორებს შორის (სამოქალაქო პარტნიორობა ან გრძელვადიანი უქორწინო ურთიერთობა). რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს ძალიან ხშირად ხედავენ, ზოგიერთი მათგანი ერთადაც ცხოვრობს. ამგვარ ურთიერთობაში მყოფი ორი ინდივიდი ერთმანეთს შეყვარებულს უწოდებს. მათ ერთმანეთთან ისეთი გრძნობები აკავშირებთ, როგორიც არ აქვთ სხვის მიმართ და მათი ურთიერთობა უმეტესად ექსკლუზიური და მონოგამიურია.
წარმატებული რომანტიული ურთიერთობები აგებულია სიყვარულზე, ნდობაზე, პატივისცემაზე, მხარდაჭერაზე, მიმღებლობაზე, საერთო ინტერესებზე და სურვილზე, ორმა ადამიანმა გაუზიაროს ერთმანეთს საკუთარი ცხოვრება. ზოგიერთი წყვილი შვილების ყოლის გადაწყვეტილებასაც იღებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაზე ახლო ურთიერთობაა, აქ მიღებულია მრავალგვარი ფიზიკური კონტაქტი, რომელიც არცერთი სხვა ურთიერთობის ფორმისთვის არ არის შესაფერისი. ხანდახან რომანტიკულ ურთიერთობებში თავს იჩენს კამათი და უთანხმოება, რაც, ძლიერი კავშირის შემთხვევაში, შესაძლოა გადალახულ იქნას ეფექტური კომუნიკაციით, ურთიერთგაგებითა და კომპრომისებით.
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ წყვილი ხშირად ჩხუბობს, ან აღარ აინტერესებთ ერთად ყოფნა, მათ შეიძლება გადაწყვიტონ და დაასრულონ ეს ურთიერთობა. ადამიანების უმეტესობა მიილტვის რომანტიული ურთიერთობების ქონისკენ და მტკივნეულად გადააქვს ასეთი ურთიერთობების დასრულება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ რომანტიული ურთიერთობა ადამიანს საკუთარი ბედნიერებისთვის სჭირდება და თუ ეს ურთიერთობა აღარ არის რომელიმე პარტნიორისთვის სასურველი, ის მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. ვინაიდან რომანტიული ურთიერთობა ორი ადამიანის ნებაყოფლობითი ურთიერთობაა. დაუშვებელია ადამიანის იძულება, შეინარჩუნოს მისთვის არასასურველი რომანტიული ურთიერთობა.
რომანტიული ურთიერთობების ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი ურთიერთობა მალე სრულდება, რადგან ორი ადამიანი ერთმანეთთან შეუთავსებადია და პრობლემები მალე იჩენს თავს. ხშირად კი ისეც ხდება, რომ ადამიანები ერთად ძალიან დიდ დროს ატარებენ, ზოგჯერ კი სიცოცხლის ბოლომდე ამ ურთიერთობაში რჩებიან.
ქორწინება
საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეუღლეთა თანასწორობას, რაც გულისხმობს მათ თანასწორობას როგორც უფლებრივ, ასევე სოციალური მდგომარეობისა და საზოგადოებრივი კუთვნილების მხრივ. დაქორწინებულ პირთა უმრავლესობა საერთო მეურნეობას ეწევა, ანუ ცხოვრობენ ერთად და ერთობლივი გადაწყვეტილებებით განკარგავენ საერთო ქონებას. მნიშვნელოვანია რომ თანასწორობა ოჯახში რეალურად ხორციელდებოდეს, ხდებოდეს საშინაო შრომის თანაბარი განაწილება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეთანხმებით მიღება.
სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას და მიიჩნევს, რომ ქორწინება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ მეუღლეთა თავისუფალ ნებას შექმნან ოჯახი. დაქორწინების გადაწყვეტილება ორმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს და ამ დროს დაუშვებელია მშობლების, ბებია-ბაბუების, მეგობრების თუ სხვათა მხრიდან იძულება, დაძალება ან დაშინება.
არარეგისტრირებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, თუნდაც ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობა, არ მიიჩნევა ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს. საქართველოს სახელმწიფო აღიარებს რელიგიურ ქორწინებას, მაგრამ მას მაინც არ ათანაბრებს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ ქორწინებასთან. შესაბამისად, წყვილს არ წარმოეშობა ერთმანეთის მიმართ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი უფლება-მოვალეობები. ეს გარემოება მნიშვნელოვანი ხდება განქორწინების დროს, ვინაიდან განსხვავებულად რეგულირდება ქონებრივი უფლებები. თუ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი წყვილის მიერ მოხდა ქონების შეძენა, ის იყოფა, ხოლო წყვილი თუ არარეგისტრირებულ კავშირში იმყოფებოდა, მაშინ ქონება შუაზე არ იყოფა. ამიტომ სასურველია ქორწინება რეგისტრირებული იყოს.
კანონმდებლობით საქართველოში დაქორწინების ასაკად დადგენილია 18 წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულია ქორწინების იძულება, მუხლი 1501:
1. ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
რადგან ქორწინება სამართლებრივი აქტია, მეუღლეების განქორწინებაც დადასტურებულ უნდა იქნას შესაბამისი აქტით. განქორწინებაც ნებაყოფლობითია და დაუშვებელია პირის დაშინებით თუ ძალადობის სხვა ფორმით ქორწინებაში დარჩენის იძულება. თუ ქორწინებას სჭირდება ორივე პირის თანხმობა, განქორწინებისთვის საკმარისია ერთი პირის სურვილიც და ასეთ შემთხვევაში განქორწინების მსურველმა სასამართლოს უნდა მიმართოს.