თავი 3, გაკვეთილი 35

მთავრობა და ეკონომიკა

ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი, გადასახადები.

სიტყვა ბიუჯეტი ხშირად გაგვიგია სხვადასხვა კონტექსტში და ხშირად მას შეცდომით იყენებენ. ბიუჯეტი შეიძლება იყოს მთავრობის, კომპანიის, ინდივიდუალური, სკოლის, საფეხბურთო კლუბის და სხვა ნებისმიერი სუბიექტის. ბიუჯეტი ეს არის გარკვეული დროის პერიოდზე გათვლილი შემოსავლებისა და ხარჯების ჩამონათვალი.

თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ბიუჯეტი. მაგალითად, ყოველდღიურად თქვენ გაქვთ ტრანსპორტირების, კაფეტერიაში კვების, კინოში სიარულის და სხვა ხარჯები, ხოლო შემოსავლებად შეგვიძლია განვიხილოთ მშობლების, ბებია-ბაბუის და სხვა ადამიანების მიერ ნაჩუქარი თანხა ან რომელიმე სამუშაოდან აღებული გასამრჯელო. შემოსავლებისა და გასავლების ჩამოწერით და თანხების მიწერით, ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტს. თუ შემოსავლები უფრო მეტია, ვიდრე გასავლები, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი პროფიციტულია, ხოლო როდესაც ხარჯები მეტია შემოსავლებზე, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი დეფიციტურია. დეფიციტური ბიუჯეტის შემთხვევაში კი სუბიექტი ან მთავრობა ფულს სესხულობს რათა სხვაობა დააბალანსოს.

მოცემულ ქვეთავში ძირითად ყურადღებას დავუთმობთ ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც ხშირად ქვეყნის ეკონომიკაში ერევათ. როგორც წინა ქვეთავებში აღვნიშნეთ, ქვეყნის ეკონომიკა ეს არის გარკვული პერიოდის მანძილზე ქვეყნის შიგნით ნაწარმოები საქონლისა და მომსახურების საბოლოო ღირებულებების ჯამი. ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი ეს იგივე სამთავრობო ბიუჯეტია, რომლის დაფინანსების ძირითადი წყარო გადასახადებია. მაგალითად, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 34 მილიარდი ლარი იყო, ხოლო მთლიანი სამთავრობო ბიუჯეტი დაახლოებით 11.5 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში შექმნილი ყოველი 100 ლარიდან 34 ლარს მთავრობა განკარგავს, ხოლო ეს უკანასკნელია სწორედ სამთავრობო ბიუჯეტი.

სამთავრობო ბიუჯეტის დაფინანსების მთავარი წყარო გადასახადებია. გადასახადების გარდა კი, საბიუჯეტო შემოსავლებში აისახება გრანტები, სესხები და სხვა ტიპის ფულადი შემოსულობები. საქართველოში დღეის მონაცემებით ექვსი ძირითადი გადასახადია და თითოეულს გარკვეული წილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში. მაგალითად ცხრილში განვიხილოთ საქართველოს მთავრობის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსულობები 2016 წელს:

გადასახადები:განაკვეთი    საბიუჯეტო შემოსულობები
1. საშემოსავლო გადასახადი20%2,4 მილიარდი ლარი
2. მოგების გადასახადი15%1 მილიარდი ლარი
3. დამატებითი ღირებულების გადასახადი18%3,3 მილიარდი ლარი
4. აქციზისხვადასხვა    1 მილიარდი ლარი
5. იმპორტის გადასახადი5-12%70 მილიონი ლარი
6. ქონების გადასახადი< 1%363 მილიონი ლარი
სხვა გადასახადები 660 მილიონი ლარი
  8.8 მილიარდი ლარი

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, გადასახადები იყოფა პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებად. პირდაპირ გადასახადებს განეკუთვნება ის გადასახადები, რომლებსაც შემოსავლებიდან ვიხდით. მაგალითად, მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ერთს კომპანიები იხდიან, ხოლო მეორეს ფიზიკური პირები მიღებული მოგებიდან/შემოსავლიდან.

სხვა დანარჩენი არაპირდაპირ გადასახადებს განეკუთვნება. მათგან ყველაზე მსხვილია დამატებული ღირებულების გადასახადი, სადაც არა შემოსავლიდან, არამედ რეალიზებული საქონლის ან სერვისის ღირებულების 18%-ს უხდი მთავრობას.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ტიპის გადასახადი არსებობს. განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. საქართველოში 2004 წლამდე 22 ტიპის გადასახადი იყო, რაც საბოლოოდ 6 ძირითად გადასახადამდე შემცირდა.

როგორც წინა ქვეთავში აღვნიშნეთ, საგადასახადო ტვირთი საქართველოში 26%-ია. ეს კი ჩვენნაირი განვითარების დონის ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ გადავხედავთ ქვეყნებს, რომლებსაც დაახლოებით ჩვენნაირი განვითარების დონე და მშპ ერთ სულზე აქვთ, მათ უმრავლესობაში საგადასახადო ტვირთი 20%-ზე ნაკლებია.

დასკვნის სახით, სხვა თანაბარ პირობებში რაც ნაკლებია საგადასახადო ტვირთი მოქალაქეებზე, მით მაღალა ეკონომიკური ზრდა და გამდიდრების ტემპი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოქალაქეების უფრო სარფიანად აბანდებენ საკუთარ გამომუშავებულ ფულად სახსრებს, ვიდრე მთავრობა, რასაც ინვესტიციების ზრდამდე და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპამდე მივყავართ.

ფული, მისი ფუნქციები და მონეტარული პოლიტიკა.

წინა ქვეთავებში ნაწილობრივ შევეხეთ ფულთან დაკავშირებულ გაუგებრობებს, როდესაც ვსაუბრობდით იმაზე თუ რა არის სიმდიდრე. შევთანხმდით, რომ ფული, დღევანდელი სახით, არა სიმდიდრე, არამედ მისი გამოხატულებაა. ფულს ხშირად ეკონომიკის საპოხს უწოდებენ.

თავდაპირველად, სანამ ფული შეიქმნებოდა, ადამიანები ერთმანეთში ცვლიდნენ პროდუქციასა და სერვისს, რასაც ბარტერული გაცვლა ეწოდება. ბარტერულ გაცვლას ახლავს რიგი პრობლემები, რაც შემდეგში ფულის გაჩენით გადაიჭრა. პირველი, რაც ფულის დადებითი მხარეა არის ის, რომ ის არის გაყოფადი. მაგალითად, ამერიკული დოლარი შესაძლებელია დაიყოს ცენტებად და არსებობს სხვადასხვა ოდენობის კუპიურები. ხოლო ბარტერის დროს დიდ პრობლემას ვაწყდებით, როდესაც მაგალითად ერთი ადამიანი აწარმოებს შაქარს, ხოლო მეორე გოჭებს. 1 კგ შაქარი ნამდვილად არ უდრის ერთ გოჭს, ამიტომ გოჭის გამყიდველს ბევრი კილოგრამი შაქრის ყიდვა უწევს სხვა შემთხვევაში მას გაუჭირდება ვაჭრობაში ჩაბმა.

ფულის მეორე დადებითი მხარე არის ის, რომ მას ვადა არ გასდის. მაგალითად, ყურძენს ვერ შეინახავ და ვერ შეაგროვებ, მოგიწევს მისი ოქროში, ვერცხლში ან სხვა არაფუჭებად საქონელში გაცლა და შემდეგ იმის შენახვა.

გარდა ზემოთმოყვანილი დადებითი მხარეებისა, ფული ასევე პორტატულია, ანუ შეგვიძლია მისი ჯიბეში ან ჩანთაში შენახვა, ხოლო მაგალითად 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტ კალმებს ჯიბით ვერ ატარებ.

ფულმა კაცობრიობის ცხოვრება ძალიან გაამარტივა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისტორიის მანძილზე, ხშირად ყოფილა, როდესაც მთავრობებმა არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაატარეს და ამით მათ ეკონომიკას და მოქალაქეების სიმდიდრეს სერიოზული პრობლემები შეექმნა. მთავრობის მიერ განხორციელებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მონეტარული პოლიტიკა ეწოდება, რომელიც გულისხმობს ფულის მასის ზრდას ან შემცირებას. ფულის მასის ზრდა სხვა თანაბარ პირობებში იწვევს ინფლაციას. საქართველოს უახლეს ისტორიაში, კარგი გამოცდილება გვაქვს საშინელი მონეტარული პოლიტიკის, როდესაც 1992-1994 წლებში დაახლოებით 5 000%-იანი ინფლაცია იყო იმის გამო, რომ ცენტრალური ბანკი გაუთავებლად ბევრ ფულს ბეჭდავდა და ფულის მასას ზრდიდა. ამან კი საქართველოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. 5 000 %-იანი ინფლაცია ნიშნავს იმას, რომ ხშირად ერთი მაღაზიიდან სანამ მეორე მაღაზიაში მიხვიდოდი, ერთიდაიგივე პროდუქტზე ფასები უკვე გაზრდილი გხვდებოდა. ფულის მასის ზრდას, რომელიც გამოიხატება ფასების საყოველთაო ზრდაში ინფლაცია ეწოდება.

ინფლაცია ეს იგივე ფარული გადასახადია და განსაკუთრებულ ტვირთად მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას აწვება. წარმოიდგინეთ იმ ადამიანებს, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს (პენსიონერები, ექიმები, მასწავლებლები, ბუღალტრები, დასუფთავების თანამშრომლები, მეშახტეები და ყველა ვისაც მოჭრილი ხელფასი აქვს), რადგან თუ მათი შემოსავლები არ იზრდება და პროდუქციაზე და სერვისზე ფასები იზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაკლებს მოიხმარენ ან ნაკლები ფული რჩებათ მომავლისთვის დასაზოგად.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ფული ეს არის სიმდიდრის გამოხატულება და ფულად-საკრედიტო იგივე მონეტარულ პოლიტიკას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ნებისმიერ ხელისუფლებს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ფასების სტაბილურობა, რაც პირდაპირ კავშირშია ცენტრალურ ბანკთან და მონეტარულ პოლიტიკასთან.

 

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ