კეთილდღეობის არსი და მისი მნიშვნელობა.
სიტყვა კეთილდღეობას ეკონომიკაში ორნაირი დატვირთვა აქვს. პირველი მნივნელობა ესაა იგივე მნიშვნელობის, როგორიც ყოველდღიურ ცხოვრებაში და აღნიშნავს სიმდიდრეს და ბედნიერად ცხოვრებას, ხოლო მეორე დატვირთვა ეს არის სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სიმდიდრის რედისტრიბუციაზე და სამთავრობო სოციალურ პროექტებზე. მოცემულ ქვეთავში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კეთილდღეობის მეორე მნიშვნლობაზე, რომელიც მთავრობის აქტიურ როლს გულისხმობს და განვიხილავთ მოცემული პროექტის დადებით და უარყოფი მხარეებს.
კეთილდღეობის სახელმწიფო ორიენტირებულია საყოველთაო უფასო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მინიმალურ ხელფასზე და სხვა ტიპის სოციალურ ხარჯებზე. ქვეყნების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს, გადაწყვიტეს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე და კიდევ უფრო გამდიდრებაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანასწორობა და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული მთავრობა იყო საჭირო. შესაბამისად, მათმა მთავრობებმა ეტაპობრივად დაიწყეს გადასახადების ზრდა და ამ რესურსით სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება. შესაბამისად, მთავრობის ზომა ეკონომიკაში და ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთავრობის ზომის დათვლის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია საგადასახადო წნეხის გამოთვლა, რაც გვიჩვენებს იმას, თუ რამდენ პროცენტს იღებს მთავრობა გადასახადების სახით ეკონომიკიდან. ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ ნაწილში მოცემული რიცხვი 40%-დან 50%-ის ფარლებში მერყეობს. ასევე არიან განვითარებული ქვეყნები, სადაც საგადასახადო ტვირთი 25-30%-ის ფარგლებშია. ესენი არიან შვეიცარია, ირლანდია, იაპონია, აშშ, სამხრეთ კორეა. საქართველოში 2016 წლის მონაცემებით, მოცემული რიცხვი 26%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობენ განვითარებული და მდიდარი ქვეყნები, რომლებიც დღემდე მაღალი ტემპით მდიდრდებიან და რომელთა საგადასახადო წნეხი 20%-ზე ბევრად დაბალია. ესეთი ქვეყნებია სინგაპური, ჰონგ კონგი, ტაივანი, პანამა და სხვა მსგავსი ქვეყნები.
აუცილებელია აღინიშნოს ის, რაც ეკონომიკის გაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამყაროში უფასო არაფერია. ნებისმიერი სოციალური პროგრამა, რომელიც ხორციელდება მთავრობის მიერ, ფინანსდება ისევ და ისევ გადასახადების გადამხდელებისგან. მაგალითად, საქართველოს მთავრობა განათლებაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს ხარჯავს, რაც ეკონომიკის დაახლოებით 3%-ია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც გადასახადებს იხდის, არ აქვს მნიშვნელობა შეხება აქვს თუ არ აქვს განათლების სფეროსთან, თავისი შემოსავლების 3%-ს იხდის მხოლოდ განათლების საბიუჯეტო ხარჯებში. გამოდის, რომ უფასო რეალურად არაფერი არსებობს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც გასათვალისწინებელია არის ის, თუ განვითარების რა ეტაპზე იყვნენ განვითარებული ქვეყნები მაშინ, როდესაც დაიწყეს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოების შენება. მაგალითად, როდესაც დანიამ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენება დაიწყო 1970-იან წლებში, ის უკვე 7-ჯერ მდიდარი იყო, ვიდრე დღეს არის საქართველო. დაახლოებით იგივე სურათს დავინახავთ, თუ დანიის მაგივრად სხვა ქვეყნების მაგალითებსაც შევხედავთ.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო ქვია სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც ეწევა სიმდიდრის გადანაწილებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებზე და მოსახლეობას სთავაზობს უფასო საყოველთაო პროგრამებს. ნაწილმა განვითარებული ქვეყნებისამ მსგავსი პოლიტიკა აირჩია და დღემდე მისდევს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მეორე ნაწილი ცდილობს, რომ მთავრობის ზომა ეკონომიკაში ნაკლები იყოს და სიმდიდრის დიდი ნაწილი მოქალაქეებმა თავისი შეხედულებებისამებრ განკარგონ.
სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები.
წინა ქვეთავებში მრავალ საკითხს შევეხეთ, მათ შორის, მთავრობებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან კეთილდღეობის სახელმწიფოს შენებაზე და შესაბამისად დიდი წილი უჭირავთ მოქალაქეების მიერ შექმნილი სიმდიდრის განკარგვაში.
კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ ეტაპს რომ გადავხედოთ, თითოეული მთავრობა ყოველთვის ცდილობდა ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც სიმდიდრის სწრაფ ზრდას და შემდეგ ამ სიმდიდრის ეფექტიან გამოყენებას განაპირობებდა. რა არის სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქცია ამაზე მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს და ხშირად იდეოლოგიურ კამათამდე მიდის მოცემული თემის განხილვა.
მთავრობის ეკონომიკურ ფუნქციებთან დაკავშირებით, რამდენიმე ტიპის მიდგომა არსებობს. მათ შორის გამოირჩევა ორი მიდგომა. პირველი გულისხმობს მთავრობის რაც შეიძლება ნაკლებ ჩარევას ეკონომიკაში და შესაბამისად ნაკლებ ფუნქციებს, ხოლო მეორე მიდგომა მოიაზრებს მთავრობის მეტ ჩარევას ეკონომიკასა და მოქალაქეების ცხოვრებაში. განვიხილოთ თითოეული მიდგომა.
კლასიკური ეკონომიკური თეორიები გვასწავლის, რომ მთავრობის ფუნქცია თამაშის წესების დადგენაა კანონების სახით. სწორედ თამაშის წესებზე რეაგირებენ სხვადასხვანაირად საბაზრო მოთამაშეები. 33-ე გაკვეთილში სწორედ ასეთი მაგალითი განვიხილეთ შოკოლადის საწარმოზე. ერთ შემთხვევაში, როდესაც გადასახადი მაღალი იყო, მფლობელს ნაკლები სტიმული ჰქონდა დამატებითი სიმდიდრე შეექმნა, ხოლო როდესაც გადასახადი დაბალი იყო, მას მეტი რესურსი უთავისუფლდებოდა დამატებითი ინვესტიციის გასაკეთებლად. სწორედ ამას გულისხმობენ მთავრობის ნაკლებად ჩარევის მომხრეები, როდესაც საუბრობენ გამდიდრების სწრაფ ტემპზე მაშინ, როდესაც მთავრობის ეკონომიკურ ფუნქციას კერძო საკუთრებისა და კონტრაქტების დაცვას განიხილავენ. მათი აზრით, რაც ნაკლებია მთავრობის ზომა, მით მეტი სიმდიდრე, განვითარება და ინოვაცია იქმნება და მაგალითად მოყავთ ნებისმიერი სახის პროდუქტი (მობილური ტელეფონები, გუგლი, ფეისბუქი, ელ.ენერგია, საკვები პროდუქტები და ა.შ.), რომელიც სწორედ კერძო კომპანიებისა და უბრალოდ მოქალაქეების მიერ იწარმოება და არა მთავრობის მიერ.
განვითარებული სამყარო სწორედ იმის დამსახურებით გამდიდრდა, რომ მთავრობას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა. ეს კი გამოიხატებოდა მოქალაქეებისთვის მაქსიმალური თავისუფლების მინიჭებაში, რათა მათ სიმდიდრის მაქსიმიზაცია მოეხდინათ. თუმცა, გვაქვს მაგალითები, როდესაც ადგილი ჰქონდა მთავრობის მაქსიმალურ ჩარევას ეკონომიკაში. ამის მაგალითია კომუნისტური ქვეყნები - საბჭოთა კავშირი, კამბოჯა, ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი, კუბა და სხვა. თითოეულ შემთხვევაში მთავრობა იღებდა გადაწყვეტილებას თუ ვის, სად, როგორ, რამდენი და რა ფასად ეწარმოებინა პროდუქცია ან სერვისი და შემდეგ ვისთვის მიეყიდათ. თითოეულ შემთხვევაში მთავრობის მსგავსი პოლიტიკა კრახით დასრულდა და უამრავი უბედურება მოუტანა თავის ქვეყანას.
როგორც ზევით ვახსენეთ, მთავრობის ეკონომიკური ფუნქცია კერძო საკუთრებისა და კონტრაქტების დაცვაა. თუ ქვეყანაში არ არის დაცული კერძო საკუთრება და ორ ადამიანს შორის შეთანხმებები, შეუძლებელია მოცემული ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რადგან დღევანდელი ეკონომიკური სისტემები სწორედ კერძო საკუთრებაზეა დამყარებული.
საზოგადოებრივი საქონელი და მომსახურება.
როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, დღევანდელი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები კერძო საკუთრებაზეა დაფუძნებული. საქონლისა და სერვისების უმეტეს ნაწილს კერძო კომპანიები და არასამთავრობო სუბიექტები ქმნიან, თუმცა არსებობს საზოგადოებრივი საქონელი და მომსახურებაც.
თეორიულად რომ განვიხილოთ, საქონელი ან მომსახურება საზოგადოებრივია თუ მასზე ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქისთვის თანაბარია და ერთმა ადამიანმა რამდენიც არ უნდა მოიხმაროს, სხვა ადამიანებს ხელი არ ეშლებათ მოცემული საქონლისა თუ სერვისის მოხმარებაში. თუმცა, რეალობაში მდგომარეობა სხვაა. არ არსებობს სამყაროში საქონელი, რომელიც შეუზღუდავია. ყველაფერი, მათ შორის, ჟანგბადი შეზღუდული რაოდენობითაა სამყაროში. თუმცა, შეზღუდული რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იშვიათია საქონელი. სწორედ ამიტომ, ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ ზოგი საქონელი იმდენად ბევრია (იმის მიუხედავად, რომ შეზღუდულია), რომ სრულიად საკმარისია მას ეწოდოს საზოგადოებრივი საქონელი.
საზოგადოებრივი საქონლის კარგი მაგალითია ცისარტყელა. წარმოვიდგინოთ, რომ თუ ქალაქში მხოლოდ 1 000 მანქანაა და ათასივე გაიყიდა, მაშინ ვიღაც ადამიანები დარჩებიან მანქანის გარეშე თუ მათაც მოუნდათ მანქანების შეძენა. თუმცა, ცისარტყელა სხვა ტიპის საქონელია. მის ყურებას ვერავის აუკრძალავ და ერთი ადამიანის მიერ მოცემული საქონლის მოხმარება არ ამცირებს მას რაოდენობაში, რომ სხვა ადამიანებს მისი გამოყენება შეეზღუდოთ. სწორედ ამიტომ, მსგავს საქონელს საზოგადოებრივი საქონელი ეწოდება.
გარდა ცისარყელისა, ჰაერისა და სხვა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებიც შეიძლება არც იყოს ადამიანის შექმნილი, საზოგადოებრივ საქონელში გადის მაგალითად თავდაცვა და პოლიციაც. თავდაცვის სერვისით სარგებლობს ყველა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში იმყოფება განურჩევლად იმისა, თუ რა თანხას იხდის ამაში, მუშაობს თუ არა და აქვს თუ არა სურვილი იყოს მსგავსი სერვისის მომხმარებელი.
გარკვეულ შემთხვევებში. ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი საქონლით, თუმცა ამაში ფულს არ იხდიან, უბილეთო მგზავრები ეწოდებათ. ისინი იღებენ სერვისს და შეუძლებელია მათ მოცემული სერვისის მიღება აუკრძალო. მაგალითად, თუ ადამიანების ნაწილი ფულ გადაიხდის ფეიერვერკში და შემდეგ სანახაობით დატკბება, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონტრიბუცია არ განუხორციელებლიათ მოცემულ დადგმაში, მაგრამ ამის მიუხედავად, მათაც აქვთ შესაძლებლობა დატკბნენ სანახაობით და მოიხმარონ მოცემული საქონელი თუ სერვისი.