თავი 1, გაკვეთილი 8

სამოქალაქო საზოგადოება და მონაწილეობა

სამოქალაქო საზოგადოების ცნება

სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრისას უპირველესად არასამთავრობო ორგანიზაციები გვახსენდება, თუმცა ეს ცნება გაცილებით ვრცელია და მასში მოიაზრება ავტონომიური ასოციაციებისა და ჯგუფების ფართო არეალი, რომელსაც აყალიბებენ კერძო მოქალაქეები და რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელია; სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ბიზნესებს, კლუბებს, ოჯახებს და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები გამოირჩევიან მაღალი სოციალურ–პოლიტიკური აქტივობით, სახელმწიფოსთან ურთიერთობაში პრიორიტეტს საზოგადოებას ანიჭებენ და ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისათვის სამსახურის აუცილებლობას. სამოქალაქო საზოგადოების წარმოქმნა განუხრელად უკავშირდება თანამედროვე ცივილიზაციის სრულყოფას. თანამედროვე გაგებით სამოქალაქო საზოგადოება შეუთავსებელია ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმთან, ადამიანის, ხალხებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევასთან, შოვინიზმთან, რასიზმთან, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და ა.შ.

 

სამოქალაქო საზოგადოების როლი

სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას. ასეთ საზოგადოებაში ჩაბმული მოქალაქეები ერთიანდებიან ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ იმ საზოგადოების განვითარებისათვის, რომლის წევრებიც ისინი არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიის ყველა თვალსაჩინო მაგალითი ამგვარი ასოციაციების დახმარებით განვითარდა.

სამოქალაქო საზოგადოებების ჩამოყალიბება ყველაზე აქტიურად მე-19 საუკუნეში დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიის განვითარება ამგვარი ასოციაციების შექმნის პარალელურად მიმდინარეობდა. მოქალაქეები კერძო და საზოგადო პრობლემების გადაჭრის გზად სწორედ ასეთი ორგანიზაციების შექმნას ხედავდნენ, ვინაიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოქალაქეთა მიერ ასოციაციების შექმნა ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკის კეთების პროცესში ჩართული პირებისათვის საერთო სიკეთეებზე ზრუნვის უნარის განვითარებას.

საქართველოში ერთ-ერთ პირველ არასამთავრობო ორგანიზაციად შეგვიძლია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მივიჩნიოთ, რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოში, სხვა მრავალ დანიშნულებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის - განათლების დაბალი დონის, გადაჭრისათვის შეიქმნა.

ნებისმიერ ქვეყანაში, მოქალაქეთა თავისუფალი ნების საფუძველზე შექმნილი ასოციაციებისათვის დამახასიათებელია:

  • წევრობის ნებაყოფლობითობა;
  • გაერთიანების თვითწარმოქმნა;
  • თვითგანვითარება;
  • ავტონომიურობა;
  • საკანონმდებლო, ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით მოქმედება.

სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ხელისუფლების წინააღმდეგ მოთხოვნების წამოყენება და საზოგადოების წინაშე მოხელეთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. ამ მახასიათებლებით ასოციაციები ზღუდავენ სახელმწიფოს თვითნებობას. მოქალაქეებს საშუალება აქვთ აქტიურად ჩაებან სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის წარმოების პროცესში, რაც ლეგიტიმაციისა და ნდობის ხარისხს ზრდის.

გარდა ხსენებული დანიშნულებისა, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება ხელი შეუწყოს „იდეათა ბაზრის“ არსებობას და საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას. ამგვარი გაერთიანებების შიგნით წევრები ინარჩუნებენ საკუთარ შეხედულებებს და არ ხდება მათი იძულება რომელიმე მოსაზრების მხარდასაჭერად.

ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ლარი დაიმონდი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ჩართულია ხელისუფლების ყოველდღიურ საქმიანობაში, 10 ძირითად ფუნქციას გამოყოფს.

  1. უკვე შემდგარ, დემორკატიულ სახელმწიფოში, ასეთი ასოციაციები აქტიურად აკონტროლებენ ხელისუფლებას და უზრუნველყოფენ, იმას რომ მან არ გადაუხვიოს დემორკატიულ კურსს, ხოლო ავტორიტატულ სახელმწიფოებში ხელს უწყობენ დემოკრატიული იდეების განვითარებას და სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესს.
  2. მოქალაქეთა დიდი მასების აქტიური მონაწილეობა ამ პროცესებში ზრდის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეფექტურობასა და მათი ავტორების კვალიფიკაციას.
  3. სხვადასხვა ასოციაციებში გაწევრიანებული ინდივიდები იზიარებენ ერთმანეთის შეხედულებებსა და ფასეულობებს, რითაც ხელს უწყობენ როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე მის მიღმა ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრებას როგორიცაა ტოლერანტობა, თანხმობა და სხვა.
  4. ასევე ხელს უწყობენ ისეთი ჯგუფების წახალისებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას, რომლებიც ისტორიულ კონტექსტში გამოთიშულნი იყვნენ აქტიურ პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებას და ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას.
  5. ამგვარი ასოციაციები მონაწილეობენ საზოგადოების შიგნით არსებულ კლასთა შორის კონფლიქტების დარეგულირებაში, რაც საბოლოო ჯამში სასარგებლოა მთლიანად საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისათვის.
  6. ამგვარ დაპირისპირებებში მონაწილეობა და გადაწყვეტა ხელს უწყობს პოტენციური პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბებასა და გარდამავალ პერიოდში ადამიანის ისეთი ძირითადი უფლების დაცვას, როგორიც არის საარჩევნო ხმის უფლება და მთლიანად საარჩევნო პროცესის მონიტორინგი.
  7. ზოგადად, ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ადამიანის უფლებების დაცვაზე დემოკრატიული გარდაქმნის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ განაგრძობენ აქტიურ ჩართულობას რეფორმის განხორციელების პროცესში, რათა მთავრობამ უარი არ განაცხადოს დაპირების შესრულებაზე.
  8. „იდეათა ბაზრისა“ და ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლის შესაძლებლობის ზრდით იგი ახერხებს მოქალაქეების ჩაბმას თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და დაცვაში.
  9. ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოებების შექმნა ხელს უწყობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმ ადამიანების ჩართულობას, რომელთაც უშუალოდ შეიძლება შეეხოთ ესა თუ ის რეფორმა.
  10. რაც შეეხება უკანასკნელ ფუნქციას, იგი მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული პირველ ცხრასთან, რომლის საფუძველზეც საზოგადოება ინდივიდში ზრდის სახელმწიფოს პატივისცემას. ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს ინდივიდის ჩართულობას, პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობის ზრდას და ამით თავად სისტემის ლეგიტიმაციის ზრდას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი რაოდენობით სამოქალაქო ორგანიზაციების შექმნა ყოველთვის და ავტომატურად ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას არ განაპირობებს. მაგალითად მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, გერმანიაში დიდი რაოდენობით სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ, რომლებიც ძირითადად უმრავლესობაში მყოფი პირების იდეებისა და ფასეულობების გავრცელებას ისახავდნენ მიზნად, სუსტი პოლიტიკური ძალის არსებობის პირობებში თავად შეუწყო ხელი ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების მოსვლას.

იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საზოგადოებების საქმიანობა უკავშირდება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის მხარდაჭერას, ისინი ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხშირად ხდებიან სახელმწიფო რეპრესიების მსხვერპლნი. ამის მაგალითია, რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი, სადაც ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა თანდათანობით იზღუდებოდა ბოლოს კი მათი საქმიანობის აკრძალვით დასრულდა. ამის მაგალითია ასევე 2023 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიზანსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიმართ კონტროლის მექანიზმების დაწესება და საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია წარმოადგენდა. საბოლოოდ, 2023 წლის 6-7-8 მარტს „რუსული კანონის წინააღმდეგ” გამართული მასშტაბური აქციების ფონზე, კანონპროექტმა მეორე მოსმენით მიღებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვა - კანონპროექტს მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 35-მა დეპუტატმა. შესაბამისად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტის მიღება.

ტექსტში ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის 31 ოქტომბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ