თავი 1, გაკვეთილი 7

სამოქალაქო მოსახლეობა ომის დროს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

“მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლტოლვილის ისტორია განსხვავებულია და მათი ტკივილები პერსონალური, ისინი ერთად არიან მონაწილენი უჩვეულო მამაცობის საერთო იდეის - მამაცობის, არა მხოლოდ გადარჩენისათვის, არამედ ნამსხვრევებად ქცეული საკუთარი ცხოვრების აღსადგენად ბრძოლაში”.

ანტონიო გუტიერესი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი 2005-2015 წლებში, გაეროს მოქმედი გენერალური მდივანი

 

სამოქალაქო მოსახლეობა ომის დროს, დევნილი და ლტოლვილი

მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ძალისხმევაა მიმართული ომის და მისი საშინელი  შედეგების თავიდან ასაცილებლად, ეს სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ხერხდება. სამხედრო მოქმედებებისგან საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს, ცხოვრების წესს, საკუთრებას. ამ დროს მოსახლეობა ხშირად იძულებელია დატოვოს საცხოვრებელი ადგილი და დევნილად ან ლტოლვილად იქცეს.

ხშირად სიტყვებს დევნილი და ლტოლვილი ერთმანეთის სინონიმად იყენებენ, რაც არ არის მართებული.

ლტოლვილი ეწოდება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

საქართველოს კანონმდებლობით დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

1951 წლის 28 ივლისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1950 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის საფუძველზე, მიიღო „კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნულ კონვენციას საქართველო 1999 წლის 28 მაისს შეურთდა. კონვენციის თანახმად ყველა ლტოლვილი ვალდებულია დაემორჩილოს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობას და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მიღებულ ზომებს. ამავდროულად ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ კონვენციის დებულებებს გამოიყენებენ ლტოლვილთა მიმართ რასის, რელიგიის თუ წარმოშობის ქვეყნის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილებს თავისი რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლებისა და ბავშვების რელიგიური აღზრდის თავისუფლების თვალსაზრისით, სულ ცოტა, ისეთსავე კეთილსასურველ გარემოს შეუქმნიან, როგორც საკუთარ მოქალაქეებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიამ 1949 წელს დაადგინა, რომ 1951 წლის პირველი იანვრიდან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), უნდა ამოქმედებულიყო. 1950 წლის 14 დეკემბერის გაეროს ასამბლიაზე მიიღეს აღნიშნული კომისარიატის წესდება, ამიტომ ხშირად სწორედ ამ დღეს მიიჩნევენ კომისარიატის შექმნის დღედ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შტაბ-ბინა ჟენევაში მდებარეობს, ხოლო მისი წარმომადგენლობები გახსნილია მსოფლიოს ბევრ ქალაქსა და კონფლიქტურ რეგიონებში, მათ შორის საქართველოში.

 

ომი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

საბრძოლო მოქმედებებისას ომის მსხვერპლების, მათ შორის სამხედრო ტყვეების, დაჭრილების, სამოქალაქო მოსახლეობის, დაღუპულების დასაცავად მოქმედებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

საბრძოლო მოქმედებებისას სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ნორმები მოცემულია ჟენევის 1949 წლის მე-4 კონვენციაში „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ და 1977 წლის დამატებით ოქმებში „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ „არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“.

აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარის სამოქალაქო მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ყოველთვის უნდა განასხვავონ სამოქალაქო მოსახლეობა და კომბატანტები, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები და, შესაბამისად, თავიანთი მოქმედება წარმართონ მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

კონვენციის თანახმად კონფლიქტის მონაწილე ყოველ მხარეს, უშუალოდ ან ნეიტრალური სახელმწიფოს ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით, შეუძლია მიმართოს მოწინააღმეგე მხარეს წინადადებით, რათა საომარი მოქმედებების რაიონებში შეიქმნას ნეიტრალური ზონები, საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საფრთხეთაგან ავადმყოფი და დაჭრილი კომბატანტების, ასევე არა კომბატანტების, სამოქალაქო მოსახლეობის, რომელიც არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში და ამ ზონებში ყოფნის დროს არ ასრულებს სამხედრო სახის რაიმე სამუშაოს დასაცავად.

ომის დროს აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის დამშევის, როგორც ომის წარმოების მეთოდის, გამოყენება. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი ობიექტების საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო რაიონების, ნათესების, საქონლის, სასმელი წყლის მოსამარაგებელი ნაგებობების განადგურება, გატანა, წყობრიდან გამოყვანა.

სამხედრო მოქმედებების გარდა, სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოქცევა, რაც, როგორც წესი, მის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის ყოფნით არის განპირობებული. სამოქალაქო მოსახლეობის შევიწროება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით ასევე იკრძალება.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს ომის მსხვერპლის სიცოცხლესა და ღირსებას. დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ნებისმიერ გარემოებაში აქვთ უფლება, მოითხოვონ მათი პიროვნების, ღირსების, ოჯახური უფლებების, რელიგიური მრწამსისა და წესების, ჩვევებისა და ადათების პატივისცემა, მათ ყოველთვის ჰუმანურად უნდა ეპყრობოდნენ, იცავდნენ ძალადობისა და მუქარის ნებისმიერი აქტის, შეურაცხყოფისა და ხალხის ცნობისმოყვარეობისაგან.

დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ ფიზიკური ან მორალური იძულების რაიმე ზომის გამოყენება მათგან ან მესამე პირებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით.

ასევე აკრძალულია დაცვის ქვეშ მყოფი პირების ნებისმიერი მოტივით განპირობებული ინდივიდუალური ან მასობრივი იძულებითი გადაადგილება ან დეპორტირება ოკუპირებული ქვეყნებიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ოკუპირებული თუ არაოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელია, როგორც ბრძანების გამცემი ისე მისი აღმსრულებელი.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ