რა არის საზოგადოებრივი კონფლიქტი? რა განაპირობებს მათ წარმოშობას? რა გზები არსებობს მათ გადასაჭრელად?
ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა სამომავლოდ კონფლიქტების თავიდან აცილებასა ან კონფლიქტების გადასაჭრელად მშვიდობიანი გზების პოვნაში დაგვეხმარება.
საზოგადოებრივი კონფლიქტი სხვადასხვა ტიპის უთანხმოებაა, რომელიც წარმოიქმნება საზოგადოების წევრებს შორის. მაგალითად კონფლიქტს შესაძლოა იწვევდეს განსხვავებული რელიგიური შეხედულებები, განსხვავებული ცოდნა, პროფესიული სტატუსი, ინტერესები და ა.შ.
საზოგადოებრივი კონფლიქტი როგორც წესი შესაძლოა იყოს:
- ურთიერთდამოკიდებულებითი;
- ინფორმაციული;
- ინსტიტუციური;
- ღირებულებითი და სხვ.
კონფლიქტები ხშირია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არც თუ იშვიათად რამდენიმე სახის კონფლიქტი ერთდროულად იჩენს თავს. ხშირად კონფლიქტის თავიდან აცილება რთულია, თუმცა მის თავიდან აცილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვახერხებდეთ მათ გაკონტროლებას და ვიცნობდეთ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზებს.

ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტები გვხდება ჯგუფებში, ოჯახში, თემში. ამგვარ კონფლიქტს ურთერთობის ნაკლებობა ან არარსებობა, ან სულაც წინასწარ ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები ქმნის. მაგალითად, სკოლაში რომელიმე მოსწავლის მიმართ წინასწარ გაქვთ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება, რისი საფუძველიც თქვენც კი არ იცით რა არის. მსგავსი დამოკიდებულება შესაძლოა სამომავლოდ კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
როგორც წესი ამ ტიპის კონფლიქტის მახასიათებლებია ურთიერთობის მნიშვნელობა და მოლოდინი; მხარეთა წვლილი და ბალანსი ამ ურთიერთობაში; მხარეთა ქცევა, მიზნები, საზოგადოებრივი დამოკიდებულება; მხარეთა შორის ნდობის ხარისხი.
ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტებიძირითადად ემოციურ ხასიათს ატარებს და მათი მოგვარება პირველ რიგში ემოციების რეგულირებას ითხოვს.
ინფორმაციული კონფლიქტი - ძირითადად ინფორმაციის სისწორესთან ან მის სიმცირე/სიჭარბესთან არის დაკავშირებული. ხშირად ინფორმაციის ხარისხი და რაოდენობა ან/და დამახინჯება იწვევს გაუგებრობასა და დავას.
ინფორმაციული კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას ჭორების გავრცელების, უნებლიე დეზინფორმაციის, საჯარო ინფორმაციის არასრული გადმოცემის, ინფორმაციის ნაადრევად ან დაგვიანებით მიწოდებისა და დამახინჯების შედეგად.
ინფორმაციული კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია, თუ მხარეები იზრუნებენ ზუსტი ინფორმაციის შეგროვებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომის გაადვილების მექანიზმებზე.
ინტერესთა კონფლიქტი - ისეთი კონფლიქტია, რომელის მიზეზიც საერთო ინტერესი ან პირიქით ინტერესთა განსხვავებულობაა. მაგალითად, თუ ჯგუფის ერთ ნაწილს ექსკურსიაზე წასვლა მთაში უნდა, ხოლო მეორეს ზღვაზე, ეს შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა პირიქით, საერთო ინტერესებმა განაპირობოს. მაგალითად თუ სკოლის საკალათბურთო გუნდში თამაში 20 მოსწავლეს სურს, ხოლო გუნდში მხოლოდ 10 ადგილია, ბუნებრივია ეს შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
ინსტიტუციური კონფლიქტები უკავშირდება წესებს, კანონებს, ნორმებს. ამ ტიპის კონფლიქტები დაკავშირებულია სხვადასხვა სოციალურ ნორმებთან და სტანდარტებთან, კერძო სამართალთან, რელიგიასთან, სტატუსთან, ტრადიციებთან, კანონიერ ხელისუფლებასთან და მართვის სისტემებთან.
ინტიტუციური კონფლიქტის გადაწყვეტა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები დათანხმდებიან საჯარო განხილვას და პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს.
ღირებულებითი კონფლიქტები დაკავშირებულია გარკვეულ დამოკიდებულებებთან ამ თუ იმ მოვლენისადმი; იმასთან, თუ რა არის კარგი და ცუდი, სამართლიანი და უსამართლო, მორალური და ამორალური.
ღირებულებითი კონფლიქტის დროს ძირითადად ორი საპირისპირო ღირებულებაა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, მაგ: თავისუფლება - წესრიგი, პირადი დისციპლინა - გარეშე კონტროლი. ასეთი კონფლიქტების მოგვარება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან როცა საქმე ადამიანურ ღირებულებებს ეხება, კომპრომისი განსაკუთრებით ძნელი მისაღწევია.
კონფლიქტების გადაჭრის გზები
მიიჩნევა, რომ საზოგადოებრივი კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშუალება მოლაპარაკებაა. მოლაპარაკება შეიძლება იყოს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური.
ჰორიზონტალური მოლაპარაკებები თანაბარუფლებიან მხარეებს შორის წარმოებს, ხოლო ვერტიკალური მოლაპარაკებების დროს მომლაპარაკებლის როლში გამოდის ლიდერი რომელიც მას საკუთარი გუნდის წევრებთან აწარმოებს.
ყველა შემთხვევაში მოლაპარაკებებით სასურველი შედეგის მიღწევა და კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში დაპირისპირებული მხარეები მესამე მხარეს - შუამავალს, არბიტრს, ფასილიტატორს და ა.შ მიმართავენ.
შუამავალი მნიშვნელოვანია იყოს საკითხისადმი ნეიტრალური და მიუკერძოებელი, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების პროცესის წარმართვას და მხარეებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გასაადვილებელად პროცედურებს სთავაზობდეს.
შუამავალი შესაძლოა იყოს ფორმალური (ოფიციალური), როცა მისი საქმიანობა სამართლებრივ ნორმებსა და პრაქტიკას ეყრდნობა ან არაფორმალური (არაოფიციალური), როდესაც მხარეები პრობლემის გადაჭრისთვის არაოფიციალურ, მაგრამ მათთვის ავტორიტეტულ პიროვნებას მიმართავენ.
მოლაპარაკებისა და შუამავლობის პროცესის მსგავსი პროცესია ფასილიტაცია, რომელშიც ძირითადი ყურადღება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და გადაწყვეტილებათა ვარიანტების შემუშავების პროცესს ექცევა.
კონფლიქტის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური სტრატეგიის შერჩევა. საზოგადოებრივი კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიებს შორის გამოყოფენ:
- კომპრომისს;
- თანამშრომლობას;
- კონკურენციას;
- განრიდებას;
- შეგუებას.