თავი 2, გაკვეთილი 24

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

სასამართლო არის ხელისუფლების ორგანო, სადაც მოსამართლე ახორციელებს მართლმსაჯულებას სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიების საქმეებზე და იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს სახელით. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა განსხვავდება ტრადიციული მართლმსაჯულების სისტემისგან, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ პროფესიონალი და კანონის შესაბამისად დანიშნული მოსამართლე იღებს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება ნაფიცი მსაჯულებისგან და ერთი პროფესიონალი მოსამართლისგან. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის და იღებენ გადაწყვეტილებას ფაქტებთან დაკავშირებით (მაგ., დამნაშავეა თუ არა ბრალდებული), ხოლო მოსამართლე წყვეტს სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებს (არჩევს ნაფიც მსაჯულებს, წარმართავს სასამართლო სხდომას, განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს, ნაფიც მსაჯულებს აძლევს მითითებებს კანონის გამოყენებასთან და ვერდიქტის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით, ვერდიქტის საფუძველზე აცხადებს განაჩენს და ნიშნავს სასჯელს). 

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - დამნაშავეა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენაში, ვერდიქტი ეწოდება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოკლე ისტორია

თანამედროვე ნაფიც მსაჯულთა სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა, სადაც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, ჰენრი II-ს მეფობის დროს მოქმედებდა სისტემა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული სისხლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვაში. 

1215 წელს ინგლისში მიიღეს „თავისუფლების დიდი ქარტია“ - დოკუმენტი, რომელიც ადგენდა, რომ როგორც დიდგვაროვანი, ასევე ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი უნდა განესაჯათ მათ თანასწორ ადამიანებს, კანონიერად და თანაზომიერად. თავდაპირველად მსაჯულები საქმის ცოდნის მიხედვით ირჩეოდნენ, თუმცა მოგვიანებით დამკვიდრებული პრინციპის თანახმად, მსაჯულს არ უნდა ჰქონოდა შემხებლობა განსახილველ საქმეთან. უკვე მე-18 საუკუნეში, თუკი მსაჯული საქმეზე პირად ინფორმაციას ფლობდა, საქმის განხილვას ჩამოშორდებოდა.

ეტაპობრივად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გავრცელდა ინგლისის ყოფილ კოლონიებში, ასევე იმ ქვეყნებში, რომლებიც ინგლისის ზეგავლენას განიცდიდნენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში. 

დღეის მდგომარეობით,  ტრადიციული ფორმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, მექსიკა და ა.შ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღეს ყველაზე ეფექტიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობს და ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ იმ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა გამო სასჯელის ზომად 6 თვეზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ინიშნება, ასევე, სამოქალაქო საქმეებს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული მოდელი, ყველაზე მეტად სწორედ ამერიკულ მოდელს მიესადაგება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების მცდელობა საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობამ 1919 წელს მიიღო კანონი „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების“ შესახებ. მაშინდელი მოდელი დღევანდელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოდელის მსგავსი იყო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგებოდა 12 მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯულისგან და მოსამართლისგან, რომელიც სასამართლო სხდომას უძღვებოდა. ნაფიცი მსაჯულები, მოსამართლის ჩაურევლად, დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავეობასთან ან უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 1921 წლამდე იმოქმედა, ამ პერიოდში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, თუმცა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაუქმდა.

თითქმის 90 წლის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დაბრუნდა საქართველოში.

2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის შესაბამისად, დამამძიმებელ გარემობებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის დანაშაულთა საქმეებს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. თავდაპირველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სატესტო რეჟიმში, მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქმედებდა. პირველი სისხლის სამართლის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა 2011 წელს განიხილეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ეტაპობრივად ვითარდება და ფართოვდება. დღევანდელი მდგომარეობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს 7 სასამართლოში (თბილისის, რუსთავის, გორის, თელავის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის რაიონული და საქალაქო სასამართლოები) და განსჯადობის შესაბამისად განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვრცელდება თექვსმეტი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ან დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, წამება, დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობა, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა.

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ნაფიცმა მსაჯულებმა უკვე 93 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჯერ კიდევ ფეხს იკიდებს ჩვენს ქვეყანაში და მუდმივი განვითარების პროცესშია, რასაც ახლავს სირთულეები, თუმცა ყოველწლიურად უფრო და უფრო პროგრესირებს და მასზე მოთხოვნაც იზრდება.

 ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა

საქართველოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ნაფიცი მსაჯულისგან, მინიმუმ 2 სათადარიგო მსაჯულისგან და სხდომის თავმჯდომარისგან (მოსამართლისგან).

ნაფიც მსაჯულთა მთავარი ამოცანაა - მოისმინონ მტკიცებულებები, რასაც ბრალდებისა და დაცვის მხარე წარადგენენ სასამართლოს წინაშე და ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინონ დამნაშავეა თუ არა ბრალდებული კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. ამ საკითხის გადასაწყვეტად, ნაფიცი მსაჯულები, სპეციალურ სათათბირო ოთახში, მართავენ მსჯელობას (თათბირს) და შემდეგ კენჭისყრის შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას, რასაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ეწოდება. სათადარიგო მსაჯულები ასევე ესწრებიან ყველა სასამართლო სხდომას, თუმცა ისინი თათბირში არ მონაწილეობენ. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაცვლებს ნაფიც მსაჯულს, თუ მას რაიმე ობიექტური მიზეზის გამო აღარ შეუძლია ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება და მოვალეობისგან თავისუფლდება. ასეთ შემთხვევაში სათადარიგო მსაჯული იკავებს ნაფიცი მსაჯულის პოზიციას და მონაწილეობს ნაფიც მსაჯულთა თათბირსა და კენჭისყრაში.

მოსამართლე (სასამართლო სხდომის თავმჯდომარე) უძღვება როგორც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, ისე სისხლის სამართლის საქმის განხილვის სასამართლო სხდომებს, განიხილავს მხარეთა მოთხოვნებს (შუამდგომლობებს) სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ნაფიც მსაჯულებს აცნობს საქმის არსს, კანონს, რომლითაც ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა იხელმძღვანელონ, რათა მათი ვერდიქტი იყოს სამართლიანი და ამავე დროს კანონის შესაბამისი, უხსნის, თუ როგორ წარმართონ თათბირის პროცედურა ვერდიქტის მისაღებად, ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე აცხადებს გამამართლებელ ან გამამტყუნებელ განაჩენს, გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, ნიშნავს კანონით გათვალისწინებულ სასჯელს.

მოსამართლე არ მონაწილეობს ნაფიც მსაჯულთა თათბირში და არ აქვს უფლება ამა თუ იმ ფორმით ჩაერიოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რა შემთხვევაში განიხილავენ საქმეს ნაფიცი მსაჯულები

როდესაც ბრალდებულს ბრალი ედება ნაფიც მსაჯულთა განსჯად რომელიმე დანაშაულის ჩადენაში, მისი უფლებაა, თავად აირჩიოს, თუ ვინ განიხილავს მისი ბრალდების საქმეს - მოსამართლე თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

კანონით განსაზღვრულ ეტაპზე (წინასასამართლო სხდომაზე) ბრალდებული აცხადებს თავის გადაწყვეტილებას. თანხმობის შემთხვევაში, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცემა და ინიშნება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა.

ვინ არიან ნაფიცი მსაჯულები

ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოს ტერირიტორიაზე, სრულყოფილად იცის ქართული ენა და არ აქვს ჯანმრთელობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში.

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, სადაც ჩატვირთულია სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებულ ბაზაში რეგისტრირებულ პირთა მონაცემები.

მოწვეული კანდიდატების შერჩევის პროცედურას წარმართავს მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარის, მათ შორის, ბრალდებულის მონაწილეობით. კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე, საბოლოოდ შეირჩევა ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი კანდიდატი, რომელსაც არ აქვს რაიმე ხელისშემშლელი გარემოება. შერჩეული კანდიდატებიდან მოსამართლე ნიშნავს 12 ძირითად და არანაკლებ 2 სათადარიგო ნაფიც მსაჯულს.

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, ამ ვალდებულებისგან კანდიდატი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თავისუფლდება.

კანონი განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვინც არ შეიძლება შეირჩეს ნაფიც მსაჯულად, ესენია: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე, ადვოკატი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, სასულიერო პირი (ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის), აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე (მაგ., მოწმე), ბრალდებული (ნებისმიერ სხვა ბრალდების საქმეზე), პირი, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი და სახდელის დადებიდან ჯერ არ გასულა 1 წელზე მეტი დრო, ნასამართლევი პირი (როდესაც ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული).

ზოგ შემთხვევაში კანდიდატს უფლება აქვს უარი თქვას ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე, მაგალითად: თუ იგი ერთხელ უკვე იყო ნაფიცი მსაჯული და ამ მოვალეობის შესრულებიდან არ გასულა 1 წელი; ასევე, თუ იგი 70 წელზე მეტი ასაკისაა, ან იმყოფება საზღვარგარეთ, ასრულებს სპეციფიკურ და მნიშვნელოვან სამუშაოს, აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა. ამ შემთხვევაში გათავისუფლების საკითხს წყვეტს მოსამართლე. ზოგჯერ კანდიდატი თავისუფლდება სხვა მნიშვნელოვანი მიზეზითაც, რომელიც რეალურად ხელის შემშლელია.

ვერდიქტი

მტკიცებულებების განხილვის დასრულების შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები იღებენ მითითებებს მოსამართლისგან, თუ როგორ წარმართონ ნაფიც მსაჯულთა თათბირი, რომელი კანონით იხელმძღვანელონ და გადიან სათათბიროდ. სათათბირო ოთახში მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები იმყოფებიან. ნაფიც მსაჯულთა თათბირი საიდუმლოა, არავის აქვს უფლება გათქვას ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლო. ამ საიდუმლოს გათქმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ნაფიც მსაჯულთა თათბირის საერთო დრო 15 საათია. პირველი 4 სააათის განმავლობაში, ვერდიქტი მიიღება მხოლოდ ერთხმად, ანუ 12 ხმით. თუ ვერდიქტის ერთხმად მიღება ვერ მოხერხდა, მომდევნო 8 საათის განმავლობაში ვერდიქტი მიიღება მინიმუმ 8 ხმით, 12 ან 11 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში. 

სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს, კერძოდ: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 9 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 8 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით. 

თუ მომდევნო 8 საათის განმავლობაშიც ვერ მოხერხდა ვერდიქტის მიღება, ნაფიცი მსაჯულები განაგრძობენ თათბირს კიდევ 3 საათის განმავლობაში. თუ ვერდიქტი ვერც ახლა მიიღეს, ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე განუსაზღვრავს ნაფის მსაჯულებს დამატებით გონივრულ დროს ვერდიქტის მისაღებად ან დაითხოვს ნაფიც მსაჯულთა მთელ შემადგენლობას და ნიშნავს ახალ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.

ვერდიქტი 2 სახისაა  - გამამართლებელი (როდესაც ბრალდებულს უდანაშაულოდ ცნობენ) და გამამტყუნებელი (როდესაც ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევენ).

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიღებული გამამართლებელი განაჩენი საბოლოოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად.

 

შეჯამება

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა, ვინაიდან ვერდიქტს იღებს შემთხვევითი პრინციპით შერჩეული, 12 მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯული, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ეკუთვნიან, სხვადასხვა პროფესია, მსოფლმხედველობა და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და თათბირისა და მსჯელობის შედეგად აღწევენ შეთანხმებას. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოების უფრო მაღალი ნდობის ხარისხით სარგებლობს. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხელს უწყობს მოქალაქეებში სამართლებრივი კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას, ავითარებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რაც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ