საქართველოში მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოსაა მიღებული. თუმცა საინტერესოა როდიდან დაიწყო საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარება? რა გზა განვლო მან?
ფეოდალური საქართველო
სახელმწიფოებრიობა, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურა საქართველოში რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ყალიბდებოდა. ისტორიკოსები განსაკუთრებულად აღნიშნავენ სამართალშემოქმედების მაღალ დონეს ფეოდალურ საქართველოში. მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული შეიმჩნევა კანონმდებლობის სისტემატიზაციის მცდელობებიც.
პირველი საერო სამართლის აქტი, რომელიც ჩვენამდე ფრაგმენტის სახით მოვიდა, იყო ბაგრატ კურაპალატის „სამართლის წიგნი“. მოგვიანებით, XVIII საუკუნეში, ვახტანგ VI ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა კოდიფიცირებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც შედიოდა მოსეს კანონები, ბერძნულ–რომაული სამართალი, მხითარ გოშის კანონები, კათალიკოსის სამართალი, გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდება“ და ბექა-აღბუღას „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა და ყოვლასავე“ და, ცხადია, თავად მეფე ვახტანგ VI კანონები. ხსენებულის გარდა, ვახტანგ VI ეკუთვნის „დასტურლამალი“, რომელიც სახელმწიფო სამართლის იმ დროისათვის შესანიშნავ სამართლებრივ წყაროს წარმოადგენდა.
1918-1921 წლები
საქართველოს ისტორიაში ბევრია სამართლის სხვა ძეგლიც, რომელიც თავისი ბუნებითა და შინაარსით შეიძლება მივაკუთნოთ სახელმწიფო (კონსტიტუციური) სამართლის წყაროს, მაგრამ საკუთრივ კონსტიტუციონალიზმის ისტორიის დასაწყისად 1918 წლის 26 მაისი უნდა მივიჩნიოთ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ პირველი კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამ აქტის საფუძველზე „საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელად“ გამოცხადდა, ხოლო „საქართველო სრულუფლებოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.“
აღსანიშნავია, რომ ამ აქტით პირველად საქართველოს ისტორიაში განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფოს მართვა–გამგეობის ფორმა და პოლიტიკური რეჟიმი – სახელმწიფო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური ფორმის და თავისი ფუნქციები განეხორციელებინა დემოკრატიული მეთოდებით. დამოუკიდებლობის აქტის მე-2 მუხლის მიხედვით, „დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა“. ეს აქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მან საყოველთაო ნგრევისა და ნიჰილიზმის პირობებში საფუძველი ჩაუყარა ადამიანზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას.
დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში არის საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია.1918 და 1919 წლებში სპეციალურად შექმნილი 2 საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა კონსტიტუციის პროექტზე, რომლის წევრთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ კონსტიტუციის მიღება „განამტკიცებდა ქვეყნის საგარეო მდგომარეობას, აამაღლებდა მის საერთაშორისო ავტორიტეტს“, ბოლოს მოუღებდა „მართვა–გამგეობაში მრავლად არსებულ არევ–დარევასა და გაურკვევლობას, უპასუხისმგებლობას და თვითნებობას.“
1920 წლის მაისისათვის კონსტიტუციის პროექტი განსახილველად გადაეგზავნა დამფუძნებელ კრებას. პროექტის ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობდა დამფუძნებელი კრების ყველა ფრაქცია, დეპუტატთა უმრავლესობა, თავისი მოსაზრებები გამოაქვეყნეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ეკლესიამ და სხვა პირებმა.
1921 წლის 26 იანვრამდე განხილულ იქნა პროექტის მხოლოდ 4 თავი. იმ დროს შექმნილი ვითარების გამო,პროექტის საჯარო განხილვა ვეღარ მოხერხდა. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ყველა თავი ბოლომდე არ ყოფილა განხილული, მაინც დაამტკიცა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. აღსანიშნავია, რომ ამ კონსტიტუციის ტექსტი გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა ფედერალურმა მინისტრმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა შეაფასა, როგორც „ერთ-ერთი პროგრესული ევროპის კონტინენტზე, [ვინაიდან] ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელთაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.“ გარდა ამისა, ამ კონსტიტუციის უდიდესი დამსახურებაა იმის გაცნობიერებაც, რომ ადამიანი არის ძირითადი სოციალური ღირებულება. მასში ვხვდებით ისეთ თავებს, როგორებიცაა „მოქალაქეობა“, „მოქალაქის უფლებანი“, „ადგილობრივი თვითმმართველობა“, „სწავლა-განათლება და სკოლა“, „სოციალურ-ეკონომიკური უფლებანი“ და სხვა.
ამავე კონსტიტუციით ერთმანეთისგან იმიჯნებოდა სახელმწიფო და ეკლესია, გარანტირებული იყო ყველა სარწმუნოების თანასწორობა და იკრძალებოდა სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის ხარჯის გაღება.
სამწუხაროდ, მისი მიღებიდან მეოთხე დღეს 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დაიპყრო და კონსტიტუციამ მოქმედება შეწყვიტა. თბილისიდან ბათუმში გადასული მთავრობის მონდომებით კონსტიტუციის ტექსტი დაიბეჭდა ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან სამოქალაქო გმირობის ტოლფასი ქმედება იყო.
საბჭოთა კონსტიტუციები
წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდგომ იწყება საქართველოს კონსტიტუციური განვითარების ისტორიაში საბჭოთა კონსტიტუციების 70-წლიანი პერიოდი.
საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციები, რომლებიც 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში მიიღეს, როგორც წესი საბჭოთა კონსტიტუციების ქართული ვარიანტებია. არცერთი საბჭოთა კონსტიტუცია არ იყო ქართველი ხალხის ან მისი რომელიმე დამფუძნებელი ორგანოს სამართალშემოქმედების შედეგი.
ეს კონსტიტუციები იმთავითვე ფიქტიური ხასიათის იყო, რადგანაც საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირებისას არ ასრულებდნენ ძირითადი კანონის ფუნქციას. მათში გათვალისწინებული საკანონმდებლო თუ სხვა კვაზიდემოკრატიული ინსტიტუტები უბრალო ფორმალობა იყო, ხოლო რეალურად დიქტატორულ ქვეყანაში ბატონობდა კომუნისტური პარტია და მისი ხელმძღვანელობის ძალაუფლება.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდი
მეოცე საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“. ამ პერიოდში საქართველო კვლავ საბჭოთა სამართლებრივ სივრცეში იმყოფებოდა, რის გამოც ახალი კონსტიტუციის მიღება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახალი რეალობის საკანონმდებლო განმტკიცება იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ისევ 1978 წლის კონსტიტუციის გადასინჯვის საფუძველზე.
1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ პირველსავე სესიაზე უამრავი ცვლილება შეიტანა იმდროს მოქმედ 1978 წლის 15 აპრილის ჯერ კიდევ საბჭოურ კონსტიტუციაში. ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებიდან ამოღებული იქნა სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“და სახელმწიფოს საქართველოს რესპუბლიკა ეწოდა; შეიცვალა სახელმწიფოს სიმბოლოკა — გერბი, დროშა,ჰიმნი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო საქართველოს უზენაესი საბჭო,რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს.
ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ეწოდათ საკრებულოები, ხოლომ მართველობის ადგილობრივ ორგანოებს — პრეფექტურები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუქმდა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი და წამყვანი როლი, დასაბამი მიეცა პოლიტიკურ პლურალიზმსა და საკუთრების ფორმათა მრავალსახეობას. ამავე სესიაზემიღებულ იქნა კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“, რომელსაც უნდა ემოქმედა ახალი კონსტიტუციის მიღებამდე. შესაბამისად, 1978 წლისკონსტიტუციაში ჩაიწერა: „საქართველოში გარდამავალი პერიოდი დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც საქართველოს სცნობენ სხვა სახელმწიფოები, საქართველოს რესპუბლიკა გახდება გაეროს წევრი სახელმწიფო და საოკუპაციო ჯარები დატოვებენ ჩვენს სამშობლოს“.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ამ შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საზეიმოდ გამოაცხადა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ და მიიღო კიდევ ორი მნიშვნელოვანი აქტი: საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესახებ“ და საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ“.
1991 წლის ბოლოს საქართველოში არაკონსტიტუციური გზით მოხდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შეწყვეტა, შეიქმნება სამხედრო საბჭო და დროებითი მთავრობა. გარადამავალი პერიოდის კონსტიტუცია და მის საფუძველზე მიღებული ზოგიერთი კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ხოლო 1992 წლის 21 თებერვალს სამხედრო საბჭო იღებს დეკლარაციას საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე, რისი შესრულებაც ფაქტობივად შეუძლებელი იყო.
1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა 6 ნოემბერს მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“. იმდროისათვის ეს კანონი იყო ერთადერთი აქტი, რომელსაც შეეძლო ძირითადი კანონისგარეშე დარჩენილ ქვეყანაში კონსტიტუციის მაგივრობა გაეწია.„მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებით ცნობილმა ამ კანონმა დაასრულა საქართველოში საბჭოური კონსტიტუციების ეპოქა, თუმცა ჭეშმარიტი კონსტიტუციის ფუნქცია მას არ შეუსრულებია და ვერც შეასრულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მთლიანად სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების საკითხებს შეეხებოდა, მასში მხოლოდ ორი – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები იყო მეტ-ნაკლები სისრულით წარმოდგენილი და არსებითად არაფერი იყო ნათქვამი ხელისუფლების მესამე შტოზე –სასამართლო ხელისუფლებაზე. ადამიანის უფლებათა საკითხები კანონში – „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საერთოდ არ გვხვდებოდა.
1993 წლისათვის სახელმწიფო–სამართლებრივ სფეროში საკმაოდ თავისებური სიტუაცია შეიქმნა. 1921 წლის ფორმალურად აღდგენილი კონსტიტუცია, მისი აღდგენის დაბალი ლეგიტიმურობისა და საზოგადოებრივი განვითარების დონესთან შეუსაბამობის გამო ვერ ამუშავდა. კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“კონსტიტუციურ–სამართლებრივ ურთიერთობათა მხოლოდ ნაწილს არეგულირებდა, ხოლო1978 წლის გაუქმებული კონსტიტუცია ზოგიერთი თავისი დებულებით ფაქტობრივად კვლავ განაგრძობდა სიცოცხლეს.
შესაბამისად არსებული მძიმე სიტუაცია ქმნიდა ახალი კონსტიტუციის შექმნის აუცილებლობას, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას.სწორედ აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობეს1993 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციის ახალ პროექტზე მუშაობის დაწყება, რომელიც 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ და რომელიც დღემდე მოქმედებს.