ადამიანის უფლებების იდეა
უხსოვარი დროიდან, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა სახელმწიფო და სამართალი, ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად სხვადასხვა წესებზე თანხმდებოდნენ, იცნობდნენ ამ წესებს, რომლებიც ხშირად დაწერილიც არ იყო და საყოველთაო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მათ დაცვას ცდილობდნენ.
თანამედროვე გაგებითაც სახელმწიფო განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრები იმ ადამიანების ერთობაა, რომლებიც გაერთიანდნენ წინასწარ შეთანხმებული წესების ირგვლივ, რომელთა შემოღება სწორედ ადამიანთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის მოტივით იყო ნაკარნახევი და ამ წესების დაცვა, თავიანთი სახელით, ხელისუფლებას ანდეს.
“ადამიანის უფლებების” არაერთი განმარტება არსებობს, თუმცა მეტნაკლებად ყველა მათგანი აღიარებს, რომ “უფლება” ადამიანის შესაძლებლობაა, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ქმედება.
მაგალითად, ადამიანს აქვს საკუთრების უფლება - ნიშნავს რომ მას აქვს შესაძლებლობა შეიძინოს, გაასხვისოს ან მემკვიდრეობით მიიღოს ესა თუ ის ქონება, ადამიანს აქვს რწმენის თავისუფლება - ნიშნავს სარწმუნოების თავისუფლად არჩევის, მისი საჯაროდ აღიარების ან აღმსარებლობის შეცვლის შესაძლებლობას და ა.შ.
“ადამიანის უფლებები” ზოგადი ტერმინია და მის ქვეშ უპირატესად ისეთი ქმედების თავისუფლება მოიაზრება, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია. მაგალითად სიცოცხლის უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ერთი მხრივ დაიცავს ადამიანის სიცოცხლეს და მეორე მხრივ მისი დარღვევის შემთხვევაში უზრუნველყოფს ეფექტურ გამოიძიებას და დამნაშავის დასჯას. შესაბამისად ადამიანის უფლებების სფერო ე.წ. ვერტიკალური მოქმედებების სფეროა, სადაც მხარეებს სახელმწიფო და ადამიანი წარმოადგენენ.
არსებობს ურთიერთობები, სადაც მხარეები კერძო პირები არიან თუმცა ცნებას “უფლებები” მაინც ვიყენებთ. მაგალითად, როდესაც მაღაზიაში რვეულს ყიდულობთ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ამ ურთიერთობის მონაწილე ორივე მხარეს კერძო პირები - გამყიდველი და მყიდველი, მძღოლი და მგზავრი ხართ, თუმცა ერთმანეთის მიმართ უფლებები და მოვალეობები წარმოგეშვებათ. მიუხედავად იმისა, რომ უფლება-მოვალეობები მხარეებს აქაც გაქვთ, ამ ტიპის ურთიერთობები ადამიანის უფლებათა სფეროს სცდება, რადგან ის კერძოსამართლებრივი ხასიათისაა. სწორედ ამ ტიპის ურთიერთობას უწოდებენ ჰორიზონტალურ ურთიერთობებს.
ადამიანის უფლებების წყარო
ადამიანის უფლებების საყოველთაო აღიარება კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და „წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“.
ადამიანის უფლებების ცნება დიდი ხანი ბუნდოვანი იყო. ისტორიულად, ეს ცნება მოიცავს იმ ბუნებრივ, თანდაყოლილ უფლებებს, რომლებიც „გამომდინარეობს ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან“, შესაბამისად, მათი წყარო არ არის კონკრეტული ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი. ძველი ადამიანისთვის უფლებების წყარო ზებუნებრივი იყო - უფლებები და თავისუფლებები ღმერთის (ებრაელები) ან ღმერთების (ძველი ბერძნები) მიერ მიენიჭა კაცობრიობას.
ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ქალი, ანტიგონე, მეფე ოიდიპოსისა და იოკასტეს ქალიშვილი, თავის ბიძას, კრეონტს დაუპირისპირდა, რომელმაც პოლიტიკური მოსაზრებით აკრძალა ანტიგონეს მკვდარი ძმის დამარხვა (ადამიანის მიერ დაწესებული აკრძალვა). ანტიგონემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ძმის დამარხვის უფლება, რომელიც დაუწერელი და მარადიულია.
მოგვიანებით ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელემ ადამიანის უფლებების წყაროდ ადამიანის ცნობიერება დაასახელეს. მათი განმარტებით, უფლებები მომდინარეობს იმ ბუნებრივი კანონებიდან, რომელთა დაცვისკენაც ადამიანს, თავისი ცნობიერებიდან გამომდინარე, ბუნებრივი მისწრაფება აქვს.
უფლებების თანდაყოლილი და მარადიული ხასიათი თითქოს იმის გარანტი უნდა ყოფილიყო, რომ ისინი თანაბრად მიენიჭებოდა ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი წარმომავლობისა თუ სოციალური სტატუსისა. მიუხედავად ამისა, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, საზოგადოების სოციალური კლასიფიკაციიდან გამომდინარე, მოხდა უფლებების არათანაბარი გადანაწილებაც. ამგვარად, ძველ საბერძნეთში, რომელიც დემოკრატიის აკვნად განიხილება, უცხოელები, ასევე ქალები, პრაქტიკულად უუფლებოები იყვნენ. ზოგადად, მონათმფლობელურ თუ ფეოდალურ საზოგადოებებში, მხოლოდ დიდგვაროვნებს და მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს ჰქონდათ უფლებები. დანარჩენების კეთილდღეობა და ზოგჯერ სიცოცხლეც კი, მათ კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.
ამგვარმა შეზღუდვებმა, რაც უფლებების ბუნებრივი და თანდაყოლილი ხასიათიდან გამომდინარე, უსამართლობად აღიქმებოდა, განაპირობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დეკლარირების - თვალსაჩინო, წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების - საჭიროება.
ადამიანის უფლებების წერილობით დოკუმენტში ჩამოყალიბებას ორი ძირითადი მიზანი აქვს: ადამიანებს გააცნოს საკუთარი უფლებები და დაეხმაროს მათ ამ უფლებებით სარგებლობაში. აღნიშნული ძალიან კარგად არის გადმოცემული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 2008 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში, რომლის ავტორიც გაეროს იმჟამინდელი გენერალური მდივანი პან გი მუნია:
„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ ამ უფლებათა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და დავრწმუნდეთ, რომ მათ შესახებ ცოდნა, მათი გაგება და გამოყენება ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასათვის. ხშირ შემთხვევაში დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობა უფრო მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისი უფლებებიც მწვავედ ილახება – მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ეს დოკუმენტი და რომ ის არსებობს მათთვის“.