თავი 1, გაკვეთილი 10

მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო

მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში, აქტიური მოქალაქეობა

"დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის აღზარდოს არა მარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა, მოქალაქე [...] უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების  პროცესში...“

                                                                               დიმიტრი უზნაძე,                                                                                                                                                              „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“, 1917 წ.

დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში აქტიური მოქალაქეების არსებობასთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო მეტი მოქალაქე მონაწილეობს დემოკრატიულ პროცესებში, ქვეყნის მართვას ხელისუფლება გაზრდილი პასუხისმგებლობით ეკიდება.

შესაბამისად, მოქალაქის ერთგვარი მორალური ვალდებულებაა, მაქსიმალურად გამოიყენოს კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული შესაძლებლობები და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფოს, ან თუნდაც საკუთარი ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მართვაში.

დემოკრატია, როგორც „ხალხის მმართველობის“ ფორმა უშუალო და წარმომადგენლობითი ფორმებით ხორციელდება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „ხალხი  ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა  უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“.

უშუალო დემოკრატიის ფორმებს განეკუთვნება რეფერენდუმი, პლებისციტი, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ნაფიც მსაჯულად მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, თვითმმართველობა და სხვა.

როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოებში განსაკუთრებით საჭირბოროტო საკითხები რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით წყდება. რეფერენდუმი, რომელიც ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთერთი ფორმაა, არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, ხოლო პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.

რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხზე გადაწყვეტილებას სავალდებულო ხასიათი აქვს, ხოლო პლებისციტი, არასავალდებულო, სარეკომენდაციო ხასიათისაა.რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს უახლეს ისტორიაში ორი რეფერენდუმი ჩატარდა - 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე და 2003 წელს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება ისეთ საკითხებზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.

საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს - არანაკლებ 25 ათას ამომრჩეველს - საშუალებას აძლევს, პარლამენტში წარადგინონ კანონპროექტი, რომლის განხილვის ვალდებულებაც საქართველოს პარლამენტს აკისრია. ამავდროულად, მოქალაქეებს აქვთ უფლება საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართონ, ხოლო 200 000 ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს კონსტიტუციის გადასინჯვა.

ქვეყნის დემოკრატიის დონის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი თავისუფალი და საყოველთაო არჩევნებია. არჩევნები წარომადგენლობითი დემოკრატიის ფორმაა, რადგან მოქალაქეები საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევენ ხელისუფლების განსახორციელებლად. შესაბამისად, მათში მონაწილეობით და თავისუფალი არჩევანის გაკეთებით მოქალაქეს თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში. არჩევნებზე მოქალაქეს შეუძლია, გამოიყენოს აქტიური საარჩევნო უფლება და ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს; ან პასიური საარჩევნო უფლება - საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს არჩევით თანამდებობაზე.

საქართველოში არჩევნების გზით ირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი, პარლამენტს, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის მიღებაზეა პასუხისმგებელი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს - საკრებულოს (ადგილობრივი პარლამენტი) წევრებს, ქალაქის მერს და მუნიციპალიტეტის გამგებელს.

დემოკრატიის განვითარებაში მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანებაცაა. საქართველოს კონსტიტუცია ყველა მოქალაქეს საშუალებას აძლევს, შექმნას ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს სხვადასხვა, მათ შორის დემოკრატიის განვითარებისთვის სასარგებლო პროექტებს, საკუთარ მოსაზრებებს მიაწოდებს ხელისუფლებას, გააკონტროლებს სახელმწიფო მოხელეების საქმიანობას და სხვა.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით.

საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა განსხვავებული სისტემებით ჩატარდეს, თუმცა მათგან ყველაზე პოპულარულია არჩევნების მაჟორიტარული, პროპორციული ან შერეული სისტემით ჩატარება. 2024 წლიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ტარდება, რომლის საფუძველზეც 150 საქართველოს პარლამენტის წევრი აირჩევა.

მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მოქალაქის ერთ-ერთ ვალდებულებას გადასახადების გადახდა წარმოადგენს. ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადი გროვდება სახელმწიფოს ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც უნდა გადანაწილდეს სხვადასხვა სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფო უსაფრთხოება, მართლწესრიგის დაცვა და სხვა მრავალი. მოქალაქეს შეუძლია, იყოს პასიური და მთლიანად მიანდოს ამ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა რაც უფრო მეტი მოქალაქე აირჩევს, იყოს პასიური, მით უფრო უპასუხისმგებლოდ მოხდება საერთო ფულის განკარგვა. აქტიურ მოქალაქეს კი შეუძლია, სხვადასხვა გზებით ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. იგივე შეიძლება ითქვას კანონების მიღებასა თუ გაუქმებაზე.

დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორც წესი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის სავალდებულოა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე საჯარო განხილვების მოწყობა. ხშირად, ასეთ განხილვებს და დებატებს სხვადასხვა ორგანიზაციებიც მართავენ. ეს ეხმარება ხელისუფლებას, წინასწარ განსაზღვროს, რა აზრისაა საზოგადოება ამა თუ იმ ცვლილებაზე ან გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ერთ-ერთი გზაა.

მოქალაქეს ასევე შეუძლია, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელების ან სხვა საშუალებით, მაგალითად წერილობით დაუკავშირდეს საკრებულოს ან პარლამენტის ან მთავრობის წევრებს, მიაწოდოს მათ საკუთარი მოსაზრებები აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (მუხლი 85)  მოქალაქეს საზოგადოებრივი ჩართულობის სხვადასხვა ფორმას სთავაზობს. ესენია:

  • დასახლების საერთო კრება
  • პეტიცია
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა
  • მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი მოსწავლეებს აძლევს საკუთარი სკოლის მართვაში მონაწილეობის საშუალებას მოსწავლეთა თვითმმართველობის მეშვეობით, რომელიც:

  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
  • უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
  • ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
  • სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
  • წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

რასაკვირველია, არცერთი საშუალება არ იძლევა აბსოლუტურ გარანტიას, რომ ერთი კონკრეტული მოქალაქის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებენ, თუმცა რაც უფრო მეტი მოქალაქე გამოიყენებს სხვადასხვა საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად და ხელისუფლებადე მისატანად, მით მეტია ალბათობა, რომ ეს ძალისხმევა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ხელისუფლების მიერ საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებაზე.

უკიდურესი, თუმცა სრულიად დემოკრატიული ფორმა, რომლითაც მოქალაქეები გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, შეკრება-მანიფესტაციების ორგანიზება და მასში მონაწილეობაა. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო აქტები, აღიარებს შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლებას. საჯარო გამოსვლების გზით მოქალაქეებს შეუძლიათ, პროტესტი გამოთქვან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვონ მისი შეცვლა ან მიღებისას მათი აზრის გათვალისწინება.

 

სახელმწიფო მოხელე და მათი საზოგადოებრივი კონტროლი

სახელმწიფო, იგივე საჯარო მოხელის ვალია, ემსახუროს მოქალაქეების ინტერესებს და უზრუნველყოს მათთვის ამა თუ იმ მომსახურების მიწოდება. ის ამისთვის ანაზღაურებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით იქმნება. აბრაჰამ ლინკოლნის სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატია არის „ხალხის მმართველობა, ხალხის მიერ და ხალხისათვის“. შესაბამისად ხელისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო მოხელეები ახორციელებენ ხელფასს ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვუხდით და შესაბამისად გვაქვს სრული უფლება, ვაკონტროლოთ ისინი და მოთხოვოთ მათ ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე.

სამწუხაროდ, ისეთ ქვეყნებში სადაც საზოგადოება პასიურობს, არ აკონტროლებს საჯარო მოხელეების საქმიანობას ან დემოკრატიული განვითარების ხარისხი დაბალია, ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მოხელე ცუდად ან საერთოდ არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.

საზოგადოებრივი კონტროლის ეფექტურობისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის თაობაზე. ამ ინფორმაციის მოპოვებისთვის დღესდღეობით ბევრი შესაძლებლობა არსებობს - მედია, საჯარო განხილვები და დებატები. საზოგადოებრივი კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს „ინფორმაციის თავისუფლება“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საქართველოს კონსტიტუციით პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც შექმნილია ან ინახება სახელმწიფო ორგანოში, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას, საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. დღესდღეობით ეს შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, ელექტრონულად.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ შორის ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელებისთვის ეფექტურია საზოგადოებრივი გაერთიანებების - არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და კავშირების საქმიანობა. პირველ არასამთავრობო ორგანიზაციად საქართველოში შეგვიძლია მივიჩნიოთ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც 1879 წელს დაფუძნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი კონტროლის განსახორციელებლად მიმართავენ საქმიანობის სხვადასხვა ფორმებს, როგორიცაა მონიტორინგი, კვლევების წარმოება, ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება, ადვოკატირება და ა.შ. მსგავსი საქმიანობა ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს, დეტალურად იყოს ინფორმირებული სახელმწიფო მოხელეების საქმიანობაზე და მეორე მხრივ გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, საკუთარი საქმიანობა წარმართოს კანონშესაბამისად.

როდესაც სახელმწიფო მოხელის საქმიანობა (ან პასიურობა) უშუალოდ აზარალებს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს, ამ უკანასკნელთ შეუძლიათ, მიმართონ ზემდგომ ორგანოს ან სასამართლოს და მოითხოვონ მათთვის საზიანო გადაწყვეტილების გაუქმება ან პირიქით, მათი მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება.

ტექსტში ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის 1 ნოემბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ