პიროვნული განვითარება პროცესია, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს. იგი ადამიანს აძლევს საშუალებას შეაფასოს საკუთარი უნარ-ჩვევები, დაისახოს მიზნები და ჰქონდეს სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისაკენ.
რატომ არის პიროვნული განვითარება მნიშვნელოვანი? პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს, ერთ-ერთი მათგანია აბრაამ მასლოუს თვითგამორკვევის პროცესი.
თვითგამორკვევა
აბრაამ მასლოუს პირამიდის თანახმად, ყველა ინდივიდს აქვს საკუთარი, პიროვნებაში "ჩაშენებული" მოთხოვნილებათა და საჭიროებათა ჩამონათვალი, რომელიც თავს სწორედ თვითგამორკვევის პროცესში იჩენს. საჭიროებათა არეალი, რომელსაც მასლოუს პირამიდა ფარავს საფეხურებად არის წარმოდგენილი, რადგან სანამ პირველი მათგანი არ დაკმაყოფილდება, ადამიანი მეორე ეტაპზე ვერ გადადის. მათი მნიშვნელობა მოცემულია არა ცხოვრების კონკრეტული ერთი ეტაპისთვის, არამედ მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. მიუხედავად ამისა, ადამიანის მისწრაფება და მოტივაცია პირამიდაზე წარმოდგენილი საჭიროებების მიმართ დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს გარემო პირობებიდან გამომდინარე.
მასლოუს პირამიდა 5 ძირითადი საფეხურისგან შედგება:
თუმცა, არსებობს პირამიდის უფრო ვრცელი ვერსია, რომელიც სასურველია დეტალურად განვიხილოთ.
იერარქიის პირველ საფეხურს ისეთი ძირითადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები წარმოადგენს, როგორებიცაა : საჭმელი, სასმელი,ძილი, სექსი, პირადი ჰიგიენა და სხვა - ანუ, სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებები.
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შემდეგ მოდის უსაფრთხოებისა და დაცულობის აუცილებლობა, როგორც ფიზიკური და ემოციური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
პირამიდის მესამე საფეხური ელემენტარული მოთხოვნილებებიდან კმაყოფილების განცდიდან, სიყვარულსა და კუთვნილების შეგრძნებებზე გადადის.
მეოთხე დონე თვითშეფასებასა და მოტივაციას მიემართება. ეს საფეხური ყველაზე მეტად შეეფერება "თვითმოტივაციის" იდეას.
პირამიდის მეხუთე საფეხურზე გაგების საჭიროებას ვხვდებით, რაც საკუთარ თავში ისეთ აბსტრაქტულ ცნებებს გულისხმობს, როგორებიცაა : ცნობისმოყვარეობა, მიზეზის მაძიებლობა და საკითხის ღრმად შეცნობის სურვილი.
მეექვსე საფეხური ესთეტიკას უკავშირდება. ადამიანს სჭირდება სილამაზე, სიმეტრია, თანმიმდევრობა ვიზუალურ ასპექტში.
მასლოუს იერარქიული პირამიდის ბოლო საფეხურია თვითგამორკვევის საფეხური, რომელიც საკუთარ თავში მოიაზრებს ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლინებასა და რეალიზებას.
მასლოუს თქმით, თითოეულ ადამიანს სჭირდება თავი დამოუკიდებელ და კომპეტენტურ ინდივიდად იგრძნოს. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს ზრდა-განვითარების ლიმიტი. ერთი სიტყვით, ცნობილი ფსიქოლოგის აზრით, თვითგამორკვევისთვის აუცილებელია საკუთარი გრძნობების შეცნობა, სავსე ცხოვრებით ცხოვრება და მაქსიმალური კონცენტრაცია შინაგან ხმაზე. ამავდროულად, მას მიაჩნდა რომ იერარქია არ არის ფიქსირებული და კონკრეტული პიროვნების გამოსკვლევად მხოლოდ მისთვის საჭირო მიდგომა იყო დასაშვები.
პიროვნული განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯები
1. პიროვნული ხედვის ჩამოყალიბება
პიროვნული ხედვის ჩამოყალიბება, ანუ კონკრეტული მიზნის დასახვა, თუ სად გინდა იყო რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ და რატომ - პიროვნული განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია.
2. პიროვნული განვითარების დაგეგმვა
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ, თუ სად გინდა იყო, შეგიძლია დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მიაღწიო დასახულ მიზანს. პიროვნული განვითარების გეგმის ჩამოწერა აუცილებელი არ არის, თუმცა ეს უკანასკნელი დაგეგმვის პროცესს ბევრად უფრო რეალისტურს გახდის. გეგმა შეიძლება მოიცავდეს მიზნებს და ქვემიზნებს ანუ იმ მოკლე, რეალისტურ ნაბიჯებს, რაც მთავარი მიზნის მისაღწევად გჭირდება. კარგია თუ დასახულ ამოცანებს დროის ჭრილშიც განიხილავ, აი, მაგალითად - რა დრო გჭირდება კონკრეტული ქვემიზნის მისაღწევად?
3. პიროვნული განვითარების პროგრესის აღრიცხვა
აღრიცხვის წარმოება შესანიშნავი იდეაა, რათა უკეთ დაინახოთ საკუთარი პროგრესი. საკვანძო საკითხების ჩამოწერითა და კონტროლით, ადამიანთა უმეტესობა უფრო მარტივად ახდენს კონცენტრაციას ყველაზე მნიშვნელოვანზე, შესაძლებლობის გამოჩენისთანავე იწყებს მოქმედებას და წარმატებასაც, შესაბამისად, უფრო მალე აღწევს. აღრიცხული წინსვლა მოტივაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. ის გაძლევთ შემართებას, იაროთ წინ უკეთესი უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
მოტივაცია და თვითმოტივაცია
რა არის მოტივაცია ?
მოტივაცია არის ის, რაც გვიბიძგებს მიზნის მიღწევისკენ, გვაგრძნობინებს თავს უკეთესად და საერთო ჯამში, გვიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
მოტივაციის ჩამოყალიბება და საჭიროებების მიგნება შესაძლოა შეუცვლელი დახმარება აღმოჩნდეს ცხოვრების ნებისმიერი ეტაპისათვის.
ხანდახან ხდება ისეც, რომ თქვენი მოტივაცია თქვენივე ცნობიერებისგან დამალულია, ხანდახან იგი საათობრივად იცვლება, ხანდახან დღიდან დღემდე, ასე მიმდინარეობს მთელი ცხოვრების მანძილზე. აქედან გამომდინარე, თქვენი საჭიროებები, მოთხოვნილებები და მიზნები იცვლება და ვითარდება.
ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ორი სახის მოტივაცია : სულიერი და მატერიალური.
სულერი მოტივაციის საფუძველი სიყვარულია, ანუ ჩვენ გვიყვარს, გვინდა და სიამოვნებას გვანიჭებს ესა თუ ის საქმე, რომელსაც ვემსახურებით.
მატერიალური მოტივაციაა, როდესაც ჩვენ ვასრულებთ რაიმე ტიპის საქმეს ჯილდოს, კარგი ნიშნის, გავლენის ან თანხის მოლოდინით. ამ შემთხვევაში ჩვენი მამოძრავებელი მოტივაცია საჭიროებაა და არა სურვილი.
ინდივიდებს ერთმანეთისგან განსხვავებული მოტივაციის საგნები, პერიოდები და საჭიროებები აქვთ. შესაძლოა ის, რაც ჩვენთვის სულიერი მოტივაციაა, სხვისთვის მატერიალური აღმოჩნდეს და პირიქით, გამომდინარე აქედან, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა ადამიანთა უმეტესობას მთელი სიცოცხლის მანძილზე ამ ორი ზემოხსენებული მოტივაციის კომბინაცია ამოძრავებს.
თვითმოტივაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევები:
- მაღალი, თუმცა რეალისტური მიზნების დასახვა.
- კარგად მოზომილი დონის რისკზე წასვლა.
- მრჩეველის მოძიება, რომელიც პრობლემურ საკითხებზე მიგვითითებს.
- მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიება.
- უნარი, ბოლომდე მივყვეთ წამოწყებულ საქმეს, თანმდევი სირთულეების მიუხედავად.
საბოლოოდ, იმისათვის, რომ წინამდებარე შრომა წყალში არ ჩაგვეყაროს და არასოდეს დავკარგოთ მოტივაცია, საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები :
1. ცოდნის მუდმივი მიღება - ინფორმაციისა და სიახლეების მუდმივი მიღება ხელს უწყობს გონებას, არასოდეს მოდუნდეს და შეინარჩუნოს ცნობისმოყვარეობა.
2. ენთუზიაზმით სავსე ადამიანების გარემოცვაში ყოფნა - ეს საუკეთესო საშუალებაა, გაინაწილოთ მათი შემართება და საქმეს არასოდეს შეხედოთ ნეგატიურად.
3. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა წარუმატებლობის შემთხვევაშიც , შეხედეთ წარუმატებლობას, როგორც გამოწვევას, რომლის დაძლევა და გადალახვა, კიდევ უფრო ძლიერს გაგხდით - იზრუნეთ სიტუაციიდან გამოსავლის მოფიქრებაზე, არ დანებდეთ გარემოპირობებს.
4. გაანალიზეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები- აღიარეთ და მიიღეთ საკუთარი სისუსტეები, არ ხართ ვალდებული იდეალური იყოთ! ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ სისუსტეც კი თქვენს მეგობრად გაიხადოთ და სამომავლოდ რესურსად გადააქციოთ. რაც შეეხება ძლიერ მხარეებს - დაეყრდენით მას, როგორც მთავარ პიროვნულ რესურსს.
5. გააკეთეთ! - კარგად აწონ-დაწონეთ რისკები, არ იჩქაროთ, მშვიდად და აუღელვებლად მიჰყევით დასახულ მიზანს.
6. დაეხმარეთ და მიიღეთ დახმარება - არასოდეს მოგერიდოთ დახმარების თხოვნა , მითია, რომ თითქოს სუსტები ითხოვენ დახმარებას, გარკვეული პიროვნული ძალა სჭირდება იმის აღიარებას, რომ რაღაც არ იცი, რაღაც არ შეგიძლია, დახმარების თხოვნა ადამიანის წინ გადადგმული, გაბედული ნაბიჯია და არასოდეს უთხრათ სხვებს უარი ხელის გაწვდაზე, თუ ამის რესურსი გაქვთ. თვითრეალიზებული ადამიანების ყურება თქვენში ანალოგიურის მიღწევის სურვილს აღძრავს.