ოლიმპიადაში მონაწილეობის წესები და პირობები
„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ საიტზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ 2024 წლის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში.
ოლიმპიადის მიზანი
ოლიმპიადის მიზანია სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ადამიანის უფლებების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის დონის ამაღლება.
ვის შეუძლია მონაწილეობა
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ვებ-გვერდზე „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ დარეგისტრირებულ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასების ყველა მოსწავლეს. ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
ოლიმპიადა ტარდება სამ ტურად!
პირველი ტური:
საიტზე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში. საკუთარი სურვილი მან უნდა დაადასტუროს სპეციალური ფუნქციონალის „ოლიმპიადაში მონაწილეობა“ მონიშვნით.
ოლიმპიადაში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 22 თებერვალს და დასრლდება 2024 წლის 30 აპრილს, 18 საათზე. ოლიმპიადის პირველი ტური გაგრძელდება 2024 წლის 28 მაისამდე.
ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლემ ეტაპობრივად უნდა უპასუხოს კითხვებს, რომელიც ვებ.გვერდზე არსებული გაკვეთილების რაოდენობის ტოლია. კითხვები მოსწავლეს გამოუჩნდება ვებ.გვერდით სარგებლობისას, მას შემდეგ, რაც მოსწავლე დახურავს (სრულად შეასრულებს) რომელიმე 5 გაკვეთილს ( ანუ გამწვანებული იქნება ამ გაკვეთილების შემდეგი მანიშნებლები: „სავარჯიშო 1 შესრულებულია“, სავარჯიშო 2 შესრულებულია.“)
მოსწავლეს ვებ.გვერდი შესთავაზებს მხოლოდ იმ შეკითხვებს, რომლის შესაბამისი გაკვეთილიც მას უკვე დახურული (დავალებები შესრულებული) აქვს. შესაბამისად, მოსწავლეს, რომელსაც წაკითხული აქვს მეტი გაკვეთილი, სისტემა შესთავაზებს მეტ კითხვას და გაეზრდება შანსი დააგროვოს გაცილებით მეტ კითხვაზე სწორი პასუხი.
ოლიმპიადაში ჩართული მოსწავლეებისათვის, კითხვების გამოჩენის შეთავაზება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეთავაზების გამოჩენისას მოსწავლემ უნდა დაადასტუროს მზადყოფნა კითხვაზე პასუხის გასაცემად. თუ მოსწავლისათვის ამ დროს კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხერხებელია, მას შეუძლია მონიშნოს უარი და შეკითხვები მოგვიანებით გამოუჩნდება.
თუ მოსწავლე დაადასტურებს, რომ მზად არის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მას მიეცემა თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად წინასწარ განსაზღვრული დრო. თუ დროის ამოწურვამდე მოსწავლემ კითხვას პასუხი არ გასცა (ან დახურა ფანჯარა, ან გავიდა სხვა გვერდზე), კითხვაზე პასუხი ითვლება არასწორად. კითხვაზე პასუხის შემდეგ, მოსწავლე არ იღებს ინფორმაციას პასუხის სისწორის შესახებ.
შესაძლოა მოსწავლეს ერთდროულად რამდენიმე კითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემა. თუ გამოსაჩენ რიგში დგას რამდენიმე კითხვა, მოსწავლესთან კითხვები გამოდის რიგრიგობით, ერთმანეთის მიყოლებით და ჩანს მიმდინარე სესიის კითხვების რაოდენობა (მაგალითად, "კითხვა 2 4-დან").
ოლიმპიადის მეორე ტურში გადავა ყველა მოსწავლე რომელიც პირველ ტურში დააგროვებს 40-ზე მეტ ქულას, ანუ სწორად უპასუხებს მინიმუმ 41 კითხვას.
მეორე ტური:
ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება 2024 წლის ივნისში. ოლიმპიადის მეორე ტურიც გაიმართება ონლაინ და მონაწილეებმა შეზღუდულ დროში უნდა დაწერონ ესე, რომელსაც დამოუკიდებლად შეაფასებს ჟიურის სამი წევრი და 10 საუკეთესო ესეს ავტორი გადავა მესამე ტურში.
მესამე ტური
ოლიმპიადის მესამე ტური გაიმართება ივნისის ბოლოს, თბილისში. 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე შეზღუდულ დროში დაწერს მცირე ანალიტიკურ სტატიას და წარსდგება ჟიურის წინაშე.
პრიზები
ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ მოსწავლეებს გარდა სერთიფიკატებისა, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები, ხოლო 5 გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.
ასევე დაჯილდოვდება პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელი, თუ ის რეგისტრირებულია ვებ.გვერდზე და მოსწავლეს საკუთარ მასწავლებლად ვებ.გვერდზე ჰყავს მითითებული.