თავი 4, გაკვეთილი 48

ლგბტ უფლებები და მოძრაობები

ადამიანის სექსუალობა მრავალფეროვანია. დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია (ვინ მიყვარს) და გენდერული იდენტობა  (ვინ ვარ) აქვთ.

არსებობენ ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი  და ტრანსგენდერი  და ინტერსექსი  ადამიანები (ლგბტ(ი). თუმცა, მრავალ საზოგადოებაში, ჰეტეროსექსუალობა (ქალსა და კაცს შორის რომანტიკული და ა/ან სექსუალური ურთიერთობები) ოდითგანვე გაბატონებული, ხოლო დანარჩენი კი, მიუღებელი იდენტობები იყო. შესაბამისად, მრავალი საუკუნის განმავლობაში ლგბტ(ი)  ადამიანები, მსგავსად ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანებისა, იდევნებოდნენ და სხვადასხვა ფორმით იჩაგრებოდნენ.

ეს დამოკიდებულება ძირითადად რელიგიური და კულტურული ფაქტორებით განისაზღვრებოდა. ადრე სჯეროდათ და ბევრ საზოგადოებაში ახლაც სჯერათ, რომ ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა და ტრანსგენდერობა ცოდვაა. ასევე გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა და რომ ამორალური და არაბუნებრივი მდგომარეობაა. ამ ყველაფრის გამო ლგბტ(ი) ადამიანებს სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ადგილას, კლავდნენ, აწამებდნენ, ძალადობდნენ და რიყავდნენ. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში, ჰომოსექსუალობა დასჯადი იყო.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ასევე მიიჩნევდა ჰომოსექსუალობას  დაავადებად. თუმცა საზოგადოების შეხედულებები წლებთან ერთად საგრძნობლად იცვლება, შესაბამისად იცვლება კანონებიც.

მსოფლიოში ლგბტ(ი)  უფლებების განვითარების სამ ძირითად ეტაპს გამოყოფენ: კრიმინალიზაცია, დაცვა და აღიარება.

კრიმინალიზაცია: ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის (ორ ქალს ან ორ კაცს შორის) სქესობრივი აქტი ჯერ კიდევ დასჯადია 68 ქვეყანაში (გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან), მათ შორის ძირითადად არიან აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე მდებარე სახელმწიფოები მაგალითად, ნიგერია, ტუნისი, ავღანეთი, თურქმენეთი, საუდის არაბეთი და სხვ.

ამ ქვეყნებიდან ნაწილში აკრძალულია მხოლოდ კაცებს შორის ურთიერთობები, ხოლო დანარჩენში აკრძალულია ჰომოსექსუალური ურთიერთობები როგორც ქალებს, ისე კაცებს შორის. აქ ჰომოსექსუალ ადამიანებს სჯიან „ამორალური“, „უხამსი“ „ბუნების წინააღმდეგ ჩადენილი“ საქციელისთვის.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, წლიდან წლამდე მცირდება. მაგალითად, 2019 წლის 11 ივნისს, ბოცვანას უზენაესმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც მოახდინა ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია.

ლგბტ უფლებების განვითარების კრიმინალიზაციის ეტაპიდან აუცილებლად გასახსენებელია ბრიტანელი მათემატიკოსის, ალან ტურინგის ტრაგიკული ისტორია:

ალან ტურინგი გამოჩენილი მათემატიკოსი იყო. მისმა საქმეებმა უდიდესი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ დღეს. მისი იდეები წინ უძღოდა თანამედროვე კომპიუტერის ადრეული ვერსიების შექმნას. ტურინგის წვლილი უდიდესია მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში. მიუხედავად ამისა, ჰომოსექსუალობის გამო კრიმინალად შერაცხული, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტურინგი ჰომოსექსუალობას თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში მალავდა. 1952 წელს, როდესაც პოლიცია მის სახლში ყაჩაღობას იძიებდა, მან აღიარა, რომ კაცთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ის დამნაშავედ ცნეს „უღირს საქციელში“ და ქიმიური კასტრაცია მიუსაჯეს, რაც გულისხმობდა ქალური ჰორმონის, ესტროგენის დიდი რაოდენობით მიღებას სექსუალური ლტოლვის შესამცირებლად. 1954 წლის 7 ივნისს ალან ტურინგი გარდაიცვალა, მისი ცხედარი მოსამსახურემ იპოვა მისსავე სახლში.

ბრიტანეთს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციისკენ ნაბიჯები 1967 წლამდე არ გადაუდგამს.

ბრიტანეთის სამეფომ ტურინგი მისი სიკვდილიდან მხოლოდ 59 წლის შემდეგ შეიწყალა. ბრიტანეთის მთავრობამ კი, 2009 წელს მოიბოდიშა მისი სასჯელის გამო. „ვწუხვართ, თქვენ ბევრად მეტს იმსახურებთ. ალანს და სხვა ათასობით გეი კაცს, რომლებიც ჰომოფობიური კანონის საფუძველზე მის მსგავსად გაასამართლეს, საშინლად მოექცნენ“, — თქვა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა.

დღეს ტურინგი აღიარებულია, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ძლიერი მოაზროვნე. ის თავის ქვეყანაში და ფართო სამეცნიერო საზოგადოებაში მიჩნეულია, როგორც წარმატების საზომი. ადამიანი, რომელიც აერთიანებდა ბრწყინვალებას და ექსცენტრიულობას, კომფორტულად დააბიჯებდა მათემატიკისა და კრიპტოგრაფიის ლაბირინთებიან სამეფოებში, თუმცა კი, თავს უხერხულად გრძნობდა სოციალურ პარამეტრებში და რომელიც მიწასთან გაასწორა მტრულმა საზოგადოებამ.

„ის ეროვნული საგანძური იყო, ჩვენ კი სიკვდილამდე მივიყვენეთ“, — თქვა ჯონ გრაჰამ-ქამინგმა, მეცნიერმა, რომელიც მონაწილეობდა ტურინგის შეწყალების კამპანიაში.

დაცვა: ლგბტ(ი) უფლებების განვითარების ამ ეტაპზე ჩნდება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, როგორებიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღება, ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რეგულაცია სისხლის სამართალში და სხვ.

სწორედ ამ ეტაპზე იმყოფება საქართველო. საქართველომ დიდი გზა გაიარა ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციიდან ლგბტ(ი) პირთათვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განმტკიცებამდე. საბჭოთა საქართველოს კრიმინალურ კოდექსს 1933 წელს დაემატა მუხლი, რომელიც კრძალავდა მამაკაცთა შორის სქესობრივ კავშირს. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე ვადით შრომა-გამოსასწორებელ ციხეში მოხვედრას ითვალისწინებდა. ნებაყოფლობითი „მამათმავლობა“  როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველომ 1999 წელს გააუქმა. 2006 წლიდან, საქართველოს შრომის კოდექსი კრძალავს დისკრიმინაციას სამუშაო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. 2012 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს დაემატა სექსუალური ორიენტაციის საფუძველი. 2014 წელს, საქართველომ მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სადაც დისკრიმინაციისგან დაცვის ნიშნებში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა პირდაპირაა მითითებული.

თუმცა, საქართველოში აღიარებული არ არის ერთი და იმავე სქესის პირთა ოჯახები, ერთი და იმავე სქესის პირებს არ შეუძლიათ ქორწინება თუ საერთო შვილების ყოლა. ტრანსგენდერი ადამიანების გენდერულ იდენტობას სახელმწიფო არ აღიარებს. ეს უფლებები მესამე ეტაპს, აღიარებას მიეკუთვნება.

აღიარება: ლგბტ ადამიანების აღიარება უფრო მეტია, ვიდრე მათი დაცვა დისკრიმინაციისა და ძალადობისგან. აღიარება გულისხმობს ლგბტ წყვილებისთვის ქორწინების, სამოქალაქო პარტნიორობისა და შვილად აყვანის უფლებების მინიჭებას. ყველა იმ უფლების მინიჭებას, რაც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს აქვთ.

ერთი და იმავე სქესის ადამიანებს (ორ ქალს ან ორ კაცს) 2019 წლის ინფორმაციით, ქორწინება შეუძლიათ 27 ქვეყანაში, მათ შორის არიან კანადა, აშშ., სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ბრიტანეთი, შვედეთი და სხვ.

ლგბტ უფლებებისთვის ყველაზე აქტიური და ხილვადი ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, 1969 წელს დაიწყო. სტოუნუოლის ჯანყი (ინგლ. Stonewall riots) — ასე ეწოდა ფიზიკური დაპირისპირების სერიას ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსგენდერ ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომო და ტრანსგენდერი ხალხის ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც გამოძახილი ჰპოვა მთელი მსოფლიოს ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც. 

ბარი სტოუნუოლი პოპულარობით სარგებლობდა ლგბტ თემის უღარიბეს და ყველაზე გარიყულ ჯგუფებში: გეებში, ტრანსგენდერებსა და უსახლკარო ახალგაზრდობაში. პოლიცია დაახლოებით თვეში ერთხელ აწყობდა რეიდს, ამცირებდა და აკავებდა იქ მყოფ ლგბტ ადამიანებს. ერთ ღამესაც, ბარში მყოფმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, აღარ დაეხარათ თავი, გაეპროტესტებინათ ჩაგვრა და წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. ეს იყო მასშტაბური ამბოხი, რომელშიც დასაწყისისთვის 200-300 ადამიანი მონაწილეობდა. პროტესტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში პროტესტს ათასობით ადამიანი შეუერთდა. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი „გეი განმათავისუფლებელ მოძრაობას“.

ამბოხის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს: „ყველანი ერთდროულად მივხვდით, რომ მოთმინების ფიალა გადაგვევსო. ამდენი წლის დამცირებისა და შეურაცხყოფის შემდეგ, ერთდროულად ყველას მოუვიდა თავში, რომ იმ ღამეს თავისი პროტესტი უნდა გამოეთქვა… ყველანი ვგრძნობდით, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. ამდენ განსხვავებულ ადამიანს, ერთი რამ აერთიანებდა – პოლიციის აღვირახსნილობასთან შეუგუებლობა. ჩვენ თავისუფლების დაბრუნებას შევეცადეთ. ღამეში დამალვას არ ვაპირებდით. თითქოს ჰაერში რაღაც დაქროდა. ეს თავისუფლების სული იყო. მივხვდით, რომ მისთვის უნდა გვებრძოლა. უკან დახევას არავინ აპირებდა“.

სტოუნუოლის ამბოხიდან 1 წლის თავზე, 1970 წლის ივნისში, პირველად ჩატარდა გეი პრაიდები აშშ-სა და ევროპის დიდ ქალაქებში. „პრაიდი“ (Pride) ქართულად სიამაყეს ნიშნავს და ლგბტ ადამიანები, რომლებიც უერთებოდნენ პრაიდებს, ამბობდნენ, „მე არ მრცხვენია იმისი ვინც ვარ“, „მე ამაყი ვარ“. პრაიდები დღესდღეობით ათობით ქვეყანაში და ასობით ქალაქში ტარდება. პრაიდის მიზანია ლგბტ ადამიანების უფლებებისთვისა და თანასწორობისთვის ბრძოლა. ასევე, პრაიდი არის იმედი მოზარდებისთვის და იმ ლგბტ ადამიანებისთვის, რომლებიც მალავენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, რომლებიც ჯერ ვერ იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეი მოძრაობა 1980-იან წლებში, აშშ-ში წარმოიშვა ე.წ. „შიდსის კრიზისის“ ფონზე, როცა შტატებში გეი კაცებში  აივ/შიდსის შემთხვევების მასობრივი გამოვლინება დაიწყო. თუმცა, რადგან დაავადება საზოგადოების ამ უარყოფილ ჯგუფში ვლინდებოდა, სახელმწიფო  გულგრილობას იჩენდა. გარკვეული პერიოდი უარს ამბობდა ამ ახალი დაავადების კვლევისთვის თანხების გამოყოფაზე და ჰომოსექსუალ ადამიანებს, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ იმეტებდა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „ACT UP” (ქართულად „იმოქმედე“), რომელმაც დაიწყო რადიკალური აქტივიზმი, საპროტესტო აქციებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სახით. აღნიშნული ორგანიზაციის დამსახურებით, ხელისუფლება მოქმედი საჯარო პოლიტიკის გადახედვას შეუდგა, ხოლო საზოგადოებაში  მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულებები ჰომოსექსუალი და აივ/შიდსის მქონე ადამიანების მიმართ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო აქტივისტების, პოლიტიკოსების, მსახიობების თუ სხვა ცნობილი ადამიანების ქამინგაუთის ფაქტები. ქამინგაუთი იდიომაა (ინგლისური ფრაზა coming out), რომელიც საკუთარი სექსუალური იდენტობის აღიარებას აღნიშნავს. ქამინგაუთი, ძირითადად, ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი ადამიანების მიერ საკუთარი სექსუალობის გამხელას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო დროს ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობის გამჟღავნების პროცესსაც იმავე ტერმინით მოიხსენიებენ. ქამინგაუთი შემოკლებული ფორმაა გამოთქმისა „coming out of the closet“ და პირდაპირი მნიშვნელობით საიდუმლო ადგილიდან, სამალავიდან, კარადიდან გამოსვლას ნიშნავს.

აშშ-ში ლგბტ ადამიანების მიერ რიგი უფლებების მოპოვება და მათ მიმართ მიმღებლობის გაზრდა გარკვეულწილად იყო იმ აქტივისტების და პოლიტიკოსების დამსახურება, რომლებიც ღიად აცხადებდნენ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ. მაგალითად, ასეთი იყო ჰარვი მილქი, ღიად გეი კაცი, რომელიც მრავალწლიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ, საბოლოოდ, 1977 წელს აირჩიეს სან-ფრანცისკოს მერად. „ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არაა, – განაცხადა მილქმა, – ეს ყველა თქვენგანის გამარჯვებაა. თუ გეის არჩევნების მოგება შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმედი, სისტემა სამართლიანი იყოს ყველა უმცირესობის მიმართ, ვინც უფლებების მოსაპოვებლად იბრძოლებს. ჩვენ მათ იმედი ჩავუნერგეთ!“. ასევე, ისტორიას ახსოვს არაერთი ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანის ქამინგაუთი, რომელმაც ხელი შეუწყო სხვადასხვა საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის გაზრდას, მაგალითად, რობერტ დუნკანი, ფრენკ კემენი, Maureen Colquhoun, Gerry Studds, Nikki Sinclaire, ელტონ ჯონი, ელენ დეჯენერესი, ვენტვორტ მილერი, კრისტენ სტიუარდი, და ა.შ.

ლგბტ ადამიანების თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია 1990 წლის 17 მაისი, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან  ამოიღო. ამ მოვლენიდან გამომდინარე, სიმბოლურად 17 მაისს, 130-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT). ამ დღეს ლგბტ მოძრაობები მსოფლიოს მაშტაბით აწყობენ დემონსტრაციებს, მარშებს, პერფორმანსებს და სხვა ტიპის ღონისძიებებს ლგბტ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად.

2019 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან (ICD-11) ოფიციალურად ამოიღო ტრანსგენდერობა.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ლგბტქ(ი) თემმა საქართველოშიც სცადა. ლგბტ აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიერ დაიგეგმა რამდენიმეწუთიანი ფლეშმობი, რომელიც რადიკალურად განწყობილმა კონტრდემონსტრანტებმა დაარბიეს. აქტივისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.


 

 
თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ