თავი 3, გაკვეთილი 30

გლობალიზაცია

გლობალიზაცია არის მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიღწევების გაცვლის და გაზიარების პროცესი, რომელიც აახლოებს ქვეყნებს და კონტინენტებსაც კი. გლობალიზაცია მე-20 საუკუნის დასაწყისის ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად აღმოცენდა, თუმცა თავდაპირველად ამ პროცესს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა და საერთო ბაზრების შექმნას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და გაადვილებას აღნიშნავდა. დღესდღეობით გლობალიზაცია კიდევ უფრო ფართო მოვლენაა და არა მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ კულტურული ტრადიციების, არქიტექტურული და სხვა საყოფაცხოვრებო ტენდენციების, ინფორმაციის და იდეების გაცვლას და დაახლოებასაც გულისხმობს. მარტივი მაგალითის სახით, გლობალიზაციის შედეგია, რომ საქართველოში შეგვიძლია შევიძინოთ გვატემალაში ან ეგვიპტეში წარმოებული ნივთი ან პროდუქტი, გავსინჯოთ იაპონური სუში ან იტალიური, ტრადიციული პიცა, ავაშენოთ ცათამბჯენები და გვქონდეს წვდომა უახლესი მოდელის ტელეფონებზე. ინტერნეტის, გლობალური ქსელების განვითარებამ, რომლის მეშვეობითაც ყველა მოვლენა და სიახლე მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში მისვლას მხოლოდ წუთებს ანდომებს, გლობალიზაციის პროცესი გარდაუვალი გახადა.

გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი მოვლენაა. კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე, ტექნოლოგიური და ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც გეოგრაფიულადაც აახლოებს ყველაზე შორეულ კონტინენტებსაც კი, იგი ფაქტიურად გარდაუვალია, თუმცა გლობალიზაციას კვლავ ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

გლობალიზაციის მომხრეთა თვალსაზრისით, ეს ფენომენი ურიცხვ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ადამიანებს, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების მცირე მწარმოებლებს. საერთო ბაზრები, ერთიანი წესებით და რეგულაციებით საშუალებას აძლევს განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებსაც, საკმაოდ დაბალ ფასებში შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია სხვა ქვეყნების მომხმარებელს.

ასევე გლობალიზაციის შედეგია შრომითი ბაზრების გახსნაც, რაც ისევ და ისევ, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის არის ხელსაყრელი.

და პირიქით, გლობალიზაციის შედეგად, ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო ხშირია მსხვილი ინვესტორების შემოსვლა, რომლებსაც აქ ბევრად უფრო იაფი მუშახელი და ინფრასტრუქტურა ეგულებათ. ეს მოვლენა კი ხსენებულ ქვეყნებს ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის განვითარების შანსს აძლევს.

გლობალიზაცია ასევე, მეტ შესაძლებლობებს ქმნის იდეების გაცვლისთვის, მაღალი კლასის განათლების მიღებისთვის და ამგვარად ხელს უწყობს კაცობრიობის წინსვლას. დღესდღეობით ამისთვის ფიზიკური გადაადგილება აღარ არის აუცილებელი, რაც გაცილებით აადვილებს და აიაფებს განათლების მიღების, იდეების გაცვლის, სიახლეების შექმნის და დანერგვის პროცესებს.

გლობალიზაციის შედეგად ადამიანებს აქვთ სხვა კულტურისადმი იოლი წვდომა, ბევრად უკეთ იცნობენ სხვა ერების ტრადიციებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ტოლერანტობის კულტურის განვითარებისთვის.

თუმცა მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მიუხედავად ახალი შესაძლებლობებისა და უცხოურ ბაზრებზე წვდომისა, გლობალიზაციამ მაინც ვერ შეძლო ქვეყნების განვითარების დონეების დაახლოება და ვერ აღმოფხვრა ის უფსკრული, რაც განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის დღემდე არსებობს. ანტიგლობალისტების აზრით, საერთო ბაზრები და გლობალური ეკონომიკური პროცესები ისევ მდიდრების და მმართველი კლასის სასარგებლოდ ფუნქციონირებს, ხოლო დაბალ ფენებს კვლავ ძველებურად უწევთ არსებობისთვის ბრძოლა.

არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნების და რეგიონების დაახლოება ცუდად აისახება ტრადიციებსა და ერების თვითმყოფადობაზე - თითქმის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე არქიტექტურაა, ერთსა და იმავე ფილმებს უყურებენ ან სიმღერებს უსმენენ, ერთსა და იმავე საკვებს მიირთმევენ. ეს კი განსაკუთრებით აღიზიანებთ ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა აზრითაც, აღნიშნული ფენომენი სხვა მხრივ არის უარყოფითი - მოგზაურობა უკვე აღარაა იმდენად საინტერესო, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ, ვინაიდან იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრება, ტანსაცმელი, ტრანსპორტი და საკვები ძალიან მსგავსია.

რასაკვირველია, ისეთი კომპლექსური მოვლენა, როგორიც გლობალიზაციაა, ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი არ იქნება ყველა ქვეყნისთვის თუ ადამიანისთვის. გლობალიზაცია გვთავაზობს შესაძლებლობებს, რომელთა კარგად თუ ცუდად გამოყენება ისევ ცალკეული სახელმწიფოების და ინდივიდების საქმეა. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ერთი მარტივი მაგალითი გამოდგება - პრაქტიკულად არავინ უარყოფს, რომ ინტერნეტის განვითარება დადებითი მოვლენაა, თუმცა სწორედ ინტერნეტის განვითარებამ გაუხსნა ახალი “შესაძლებლობები” დანაშაულებრივ სამყაროს და ტერორიზმს. თუმცა ფაქტია, რომ ამის გამო ინტერნეტის აკრძალვა არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს აზრადაც კი არ მოსვლია.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ