თავი 1, გაკვეთილი 2

მონაწილეობის ფორმები და მეთოდები

ადამიანს მუდმივი კომუნიკაცია აქვს გარესამყაროსთან და დანარჩენ საზოგადოებასთან, რაც ერთი მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის პიროვნულ განვითარებაზე, ხოლო მეორე მხრივ თავად აქცევს მსგავსი გავლენის მქონედ სხვების მიმართ.

ადამიანები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა მონაწილეობის ფორმებსა და მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ლიდერობა, სტრატეგიული დაგეგმვა და სხვა, რომელთგან რამდენიმეს ქვევით მიმოვიხილავთ.

ეფექტური კომუნიკაცია

ხშირად ხდება, რომ ჩვენი აზრი, იდეა, რომელიც მართებულად და სწორად მიგვაჩნია, სხვებთან კომუნიკაციისას იკარგება ან მეტიც, მტრულ და აგრესიულ რეაქციასაც კი იწვევს. ამის მიზეზი კი შესაძლოა არა თავად ნათქვამის შინაარსი, არამედ ეფექტური კომუნიკაციის ელემენტარული წესების არცოდნა იყოს.

კომუნიკაციის მიმღებ მხარეს ადრესატს ან რესპონდენტს უწოდებენ. ეს მეორე ტერმინი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე მხრიდანაც ველით რაიმე საპასუხო კომუნიკაციას - ჩვენი იდეის შეფასებას, შეთავაზებაზე პასუხს და ა.შ. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ზეპირი/სიტყვიერი, წერილობითი, ჟესტური და სხვა. ეფექტური კომუნიკაცია არის ის, რომელიც ადვილად აღწევს მსმენელამდე ან მკითხველამდე, გასაგებია, არ იწვევს მტრულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას, არამედ ურთიერთობების გაღრმავებას, ადრესატამდე სათქმელის სწორად მიტანას ან თანამოაზრეების შეძენას უწყობს ხელს. ეფექტურ კომუნიკაციაზე ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა. აქ მისი დამყარების მხოლოდ ძირითად წესებს შევეხებით.

პირველი და მთავარი წესი, რომელიც სხვებთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, არის სათქმელის სწორად გააზრება და ჩამოყალიბება. აღნიშნულზე დიდად არის დამოკიდებული ნათქვამის (დაწერილის) სწორად გაგება და მსმენელის (მკითხველის) დარწმუნება. ამგვარად, კომუნიკაციის დაწყებამდე, უნდა გავიაზროთ, რა გვაქვს სათქმელი. ეს გულისხმობს, რომ ჯერ თავად უნდა გვესმოდეს, რას ვამბობთ, ავტომატურად არ ვიმეორებდეთ სხვის ნათქვამს ან სხვაგან გაგონილს, ვიცნობდეთ იმ საკითხს, რომელსაც ჩვენი აზრი ან იდეა შეეხება. თემის ცოდნა ბევრად აადვილებს აზრის სხარტად და გასაგებად ჩამოყალიბებას, თავიდან აგვაცილებს თემიდან გადახვევას და ბევრ სხვა უსიამოვნო შედეგებს - ის რაც კარგად გვესმის, ბევრად უფრო ადვილი ასახსნელია და ნაკლებ სიტყვებს მოითხოვს და მსმენელისთვისაც ბევრად უფრო ადვილი გასაგებია. გარდა ამ ყველაფრისა, საკითხის კარგად ცოდნა თავდაჯერებასაც გვმატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის დროს. შესაბამისად, კომუნიკაციის დამყარებამდე შეძლებისდაგვარად სიღრმისეულად უნდა გავეცნოთ საკითხს, გავაანალიზოთ მიღებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის მერე ჩამოვაყალიბოთ აზრი, რომელსაც სხვებსაც გავუზიარებთ. გარდა ამისა, თუ ხშირად გისვამენ კითხვებს, “რისი თქმა გსურთ“ ან რას გულისხმობთ”, ნუ დააბრალებთ ამას რესპონდენტების ინტელექტის ნაკლებობას. დაფიქრდით, იქნებ თქვენ ვერ აყალიბებთ აზრს სათანადოდ და შესაბამისად, სხვებს უჭირთ, გაიგონ, რისი თქმა გსურთ.

მეორე მხრივ, აუცილებელია, გავიაზროთ, რა მიზნისთვის ვამყარებთ კომუნიკაციას, რისი მიღწევა გვინდა. თუ თქვენი მიზანი უბრალოდ უკვე ნათქვამის საპირისპიროს თქმა ან რესპოდენტის შეურაცხყოფაა, ამგვარ კომუნიკაციას არანაირი განსაკუთრებული წესები არ სჭირდება, თუმცა მყისიერი უარყოფითი რეაქციის გარდა, არანაირი განსაკუთრებული შთაბეჭდილების ან ეფექტის მოხდენაც არ შეუძლია. ეფექტური კომუნიკაციის მიზანი შეიძლება და უნდა იყოს ადრესატის დარწმუნება, ინფორმაციის სწორად მიწოდება ან უბრალოდ გართობა. ყველა შემთხვევაში, ჯერ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, რა მიზნით ვამყარებთ კომუნიკაციას და არის თუ არა ეს მიზანი მართებული.

მესამე ძირითადი წესი არის კომუნიკაციის მორგება ადრესატზე, - კომუნიკაციის დამყარებამდე კარგად უნდა გავიაზროთ, ვის მივმართავთ და რა ფორმით უფრო უპრიანია მისთვის ჩვენი აზრის ან ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან ერთ და იმავე საკითხზე მსჯელობას სხვადასხვა ადამიანებში შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული რეაქცია მოყვეს, იმის მიხედვით, რა კუთხით მივუდგებით სათქმელს და რა ფორმით გადმოვცემთ მას. მაგალითად, ასტროფიზიკოსს და იურისტს მზის სისტემაზე ინფორმაცია ერთი და იმავე სიტყვებით არ უნდა მივაწოდოთ, ვინაიდან დიდი ალბათობით, პირველმა აღნიშნულ საკითხზე ბევრად მეტი იცის და მისთვის შესაძლოა, ვრცელი კომუნიკაცია დამღლელი და მოსაწყენი იყოს, ხოლო მეორეს, შეიძლება ძალიან ბუნდოვნად ახსოვდეს მზის სისტემის მოწყობა, შესაბამისად, მასთან კომუნიკაციის დროს გარკვეული შესავლის გაკეთება მოგვიწევს. ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში, ადრესატი არ ან ვერ მიიღებს ჩვენს სათქმელს ან უბრალოდ ვერ გაიგებს მას. ამგვარად, კომუნიკაციის დამყარებამდე უნდა გავაანალიზოთ, რა აუდიტორიისთვის არის ის განკუთვნილი, დაახლოებით რა დონეზე შეიძლება იცოდეს ადრესატმა აღნიშნული საკითხი და რა შემთხვევაში დაინტერესდება ჩვენი ნათქვამით - არის თუ არა საჭირო კონკრეტული მაგალითების მოყვანა, მარტივი ენით საუბარი თუ პირიქით, მხოლოდ თეორიული და სიღრმისეული მსჯელობით მივაღწევთ საწადელს.

როდესაც კომუნიკაცია ორმხრივია, ანუ ჩვენ ჩვენს სათქმელს ვამბობთ და მეორე მხარის რეაქციას ან გამოხმაურებას ველოდებით, ყველაზე ფასეული უნარ-ჩვევა და ეფექტურობის მთავარი გარანტი მეორე მხარის მოსმენა, მის მიმართ კეთილგანწყობა და მისი აზრების პატივისცემაა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მის ნათქვამს არ ვეთანხმებით. რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყოთ საკუთარ ცოდნაში ან ჩვენი ნათქვამის სიმართლეში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის შეიძლება ვცდებოდეთ ან რაიმე დეტალი გვავიწყდებოდეს, რომელიც რადიკალურად შეცვლის საერთო სურათს. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, მეორე მხარესაც ყურადღებით მოვუსმინოთ, კარგად გავიაზროთ მისი ნათქვამი და თუნდაც არ დავეთანხმოთ, ვეცადოთ გადაკვეთის წერტილების და შესაბამისად, კომპრომისის მოძებნას. გარდა ამისა, ყველა ადამიანს სიამოვნებს, როცა მას ყურადღებით და კეთილგანწყობით უსმენენ, ხოლო მადლიერების გრძნობა მასში საპასუხო რეაქციას წარმოშობს - მასაც უჩნდება სურვილი, ასეთივე ყურადღებით მოგისმინოთ და შეძლებისდაგვარად გაიზიაროს თქვენი ნათქვამი. ამგვარად, ყურადღებით და კეთილგანწყობით მოსმენისას თქვენ და თქვენმა რესპონდენტმა შეიძლება იმდენი საერთო აღმოაჩინოთ საკუთარ აზრებში, რომ ურთიერთობის ან მიზნის მიღწევის სრულიად ახალი გზაც იპოვოთ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი აზრები კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესპონდენტს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, უმჯობესია, ეს მას პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე, ნეიტრალური ფორმით გავაგებინოთ (“გასაგებია, მაგრამ…” და არა “თქვენ ცდებით/ტყუით…”), ვინაიდან მომავალში შესაძლოა, იმავე ადამიანთან ან ადამიანების ჯგუფთან კვლავ მოგიწიოთ კომუნიკაცია ამ თუ სხვა საკითხზე და ყოველთვის უმჯობესია, მეორე მხარეზე სამართლიანი (და სასიამოვნო) მოწინააღმდეგის შთაბეჭდილება დატოვოთ.

ეფექტური კომუნიკაციის უნარი გადამწყვეტია როგორც გუნდური მუშაობისას, ჯგუფის ყველა წევრს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ისე ჯგუფის ლიდერისთვის, თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

თანამშრომლობა

თანამშრომლობა აღნიშნავს რამდენიმე ადამიანის გუნდურ მუშაობას და საერთო ძალისხმევას წინასწარ დასახული მიზნის მისაღწევად. ეს შეიძლება იყოს რაიმე პროექტი, დავალება და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, თანამშრომლობა აერთიანებს რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც შესაძლოა, მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზები ესახებათ, საიდანაც ერთად უნდა აარჩიონ ყველაზე კარგი და სწრაფი გზა. შესაბამისად, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის აუცილებელია, გვქონდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარი - სწორად ვაყალიბებდეთ საკუთარ აზრს, ორიენტირებული ვიყოთ კონკრეტულ მიზანზე, პატივს ვცემდეთ და ვაფასებდეთ სხვის აზრს.

გარდა ზემოთქმულისა, ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის აუცილებელია ჯგუფის წევრებს შორის ნდობა, ობიექტურობა, რაც მოიცავს მიზნის მიღწევის ან პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევას იმის მიუხედავად, ვის ეკუთვნის თავდაპირველი იდეა. საქმის სწორად და სამართლიანად გადანაწილება და შედეგზე პასუხისმგებლობის გრძნობა - ნებისმიერ შემთხვევაში ერთობლივად მომზადებული პროექტის წარმატებაც და მარცხიც ჯგუფის ყველა წევრის დამსახურებაა.

ლიდერობა

ლიდერობა ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ხელმძღვანელობას ნიშნავს. ლიდერი კარგი ორგანიზატორი უნდა იყოს. მისი მიზანი საქმის კარგად შესრულების უზრუნველყოფა და თანამშრომლების პატივისცემის დამსახურებაა. ამისთვის აუცილებელია, რომ მას ესმოდეს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, იცნობდეს საკუთარ თანამშრომლებს, მათ შესაძლებლობებს და უნარ-ჩვევებს, ითვალისწინებდეს მათ აზრს, შეეძლოს საქმის სამართლიანად გადანაწილება, თანამშრომლების მოტივირება და წახალისება.

ამგვარად, ლიდერს უნდა ესმოდეს ის საქმე, რომელსაც ხელმძღვანელობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, მისი გადაწყვეტილებები არაადეკვატური და სასაცილოც კი იყოს, რაც არანაირად არ განაპირობებს ლიდერის ავტორიტეტის განმტკიცებას და მის მიმართ თანამშრომლების პატივისცემას.

სამუშაოს დაგეგმვისას და დავალებების გადანაწილებისას ლიდერმა შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინოს თანამშრომლების აზრი. იმ შემთხვევაში, თუ მათი აზრი რადიკალურად არ ემთხვევა ერთმანეთს, კომპრომისის მოძებნა სჯობს საკუთარი აზრის თავს მოხვევას.

დავალების მიცემისას ლიდერი უნდა ითვალისწინებდეს თანამშრომლების შესაძლებლობებს - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისთვის შეუფერებელ საქმეს აკეთებს, წარუმატებელია და პირიქით, თუ ადამიანს იმას დავავალებთ, რაც კარგად გამოსდის, ისიც წარმატებული იქნება და საქმეც უკეთ გაკეთდება. სწორედ ადამიანებისთვის მათი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების შესაბამისი დავალებების მიცემა ან საქმიანობის განსაზღვრა არის კარგი ლიდერის ერთ-ერთი აუცილებელი თვისება.

ლიდერმა სამართლიანად უნდა გაანაწილოს საქმე - თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ “იჩაგრება”, რომ ყველაზე რთულ საქმეს მას ავალებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოტივაცია ეცემა, რაც, საბოლოო ჯამში, საქმის ხარისხზე აისახება.

სტრატეგიული დაგეგმვა

სტრატეგიული დაგეგმვა ეწოდება გარკვეული დროის მონაკვეთში ადამიანის ან ორგანიზაციის მიზნების და მათი მიღწევის საშუალებების განსაზღვრას.

პირველ რიგში, წერილობით ჩამოვაყალიბოთ ის მიზანი ან მიზნები, რომელთა მიღწევაც გვინდა. მიზნები აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური და მიღწევადი - შეესაბამებოდეს ადამიანის შესაძლებლობებს ან, ორგანიზაციის შემთხვევაში, წარმოადგენდეს მისი საქმიანობის სფეროს.

შემდგომ უნდა გავთვალოთ ვადები, რომელიც ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევისთვის დაგვჭირდება. ამ უკანასკნელი პარამეტრის მიხედვით, შეგვიძლია, მიზნები აღვნუსხოთ მოკლევადიან (რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე) და გრძელვადიან (რამდენიმე წელი ან ათწლეული) სტრატეგიულ გეგმებში.

მაგალითად, მოკლევადიან მიზნებში შეგიძლიათ, მიუთითოთ წლის ბოლოს გამოცდის წარმატებით (შეგიძლიათ, მინიმალური ქულაც მიუთითოთ) ჩაბარება, ხოლო გრძელვადიანში - რომელიმე პროფესიის, ხელობის, ხელსაქმის დაუფლება.

სტრატეგიულმა დაგეგმვამ ასევე უნდა მოიცვას მიზნის მიღწევის საშუალებები - რა გზებით, რომელი საშუალებებით არის შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა და რა გვჭირდება ამისთვის - ფინანსები, ადამიანები, ტექნიკური საშუალებები და ა.შ.

მაგალითად, თუ თქვენი მიზანია, გახდეთ ექიმი, გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში უნდა გათვალოთ, ამისთვის რომელი საგნები უნდა ისწავლოთ განსაკუთრებით კარგად, შეგიძლიათ თუ არა ეს გააკეთოთ დაუხმარებლად ან მხოლოდ სკოლის პროგრამით, თუ დამატებითი სახელმძღვანელო ან დამხმარე გჭირდებათ. აქვე უნდა მიუთითოთ, პრიორიტეტულად რომელ სასწავლებელში გეგმავთ პროფესიის დაუფლებას, რა ღირს იქ სწავლება და რა გზებით არის შესაძლებელი ამ ფინანსების მოგროვება, შოვნა ან გამომუშავება.

გეგმაში მიუთითეთ, რამ შეიძლება დააბრკოლოს მიზნის მიღწევა და რა გზებით არის შესაძლებელი ამ დაბრკოლებების გადალახვა.

ჩვენს მიერ დასახელებულ მაგალითში ეს შეიძლება იყოს სიზარმაცე, ოჯახის წინააღმდეგობა, ფინანსების არქონა და სხვა მრავალი.

მნიშვნელოვანია, გეგმაში იმთავითვე ასახოთ, რა შედეგს ელოდებით დროის მითითებული მონაკვეთის ამოწურვისას, რათა აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ შეაფასოთ გეგმის შესრულების ხარისხი, ხოლო გარკვეული მიზნების მიუღწევლობის შემთხვევაში გააანალიზოთ წარუმატებლობის მიზეზები. ამ ყველაფერს კი გაითვალისწინებთ ახალი გეგმის შედგენისას.

გადაწყვეტილების მიღება

ყველა ადამიანს, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, უწევს გადაწყვეტილების მიღება. ეს შეიძლება იყოს წვრილმანი, ყოფითი გადაწყვეტილება - სად ვისადილოთ, რა ვუყიდოთ საჩუქრად მეგობარს ან გლობალური, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება, თქვენი ცხოვრების მიმართულება შეცვალოს - პროფესიის არჩევა, შვილის ყოლა, სახლის შეძენა… მთავარია, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას კარგად გავიაზროთ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ჩვენს გადაწყვეტილებას მყისიერად ან გარკვეული დროის მერე როგორც უშუალოდ ჩვენთვის, ისე სხვებისთვის, ავწონ-დავწონოთ რისკები, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები, მათი თანაფარდობა დადებით შედეგებთან და მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

პროექტის მომზადება

პროექტი არის ჩვენი იდეების ხორცშესხმის საშუალება. ყველა მიზანი, რომლის მიღწევაც გვინდა და იდეები, რომლებიც გვაქვს ამ მიზნების მისაღწევად, შეიძლება, პროექტის სახით ჩამოყალიბდეს. პროექტის მომზადებისას უნდა გავწეროთ შემდეგი ელემენტები:

  1. პროექტის მიზანი - რას ემსახურება ჩვენი იდეა, რისი მიღწევა გვინდა აღნიშნული პროექტის მეშვეობით.
  2. ამოცანა ან ამოცანები - რის განხორციელებას ვგეგმავთ დასახული მიზნის მისაღწევად.
  3. განხორციელების გზები - კონკრეტული აქტივობები (საქმიანობები), რომელთა განხორციელებაც აუცილებელია ამოცანის შესასრულებლად და შესაბამისად, მიზნის მისაღწევად.
  4. რისკები - ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის, თუმცა თუ უკვე ვიცით, რა კონკრეტულმა გარემოებებმა შეიძლება შეუშალოს ხელი ჩვენი იდეის ხორცშესხმას, ჯობს, პროექტშივე მივუთითოთ.
  5. შედეგები - რა კონკრეტულ შედეგებს ველოდებით პროექტის დასასრულს.
  6. ბიუჯეტი - ეს პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია, ვინაიდან ძალიან დეტალურ გათვლას საჭიროებს. აქ უნდა აღვწეროთ ყველა ის ხარჯი, რის გაწევასაც ვგეგმავთ პროექტის განხორციელებისას, ყველა საგნის ან მომსახურების საცალო და მთლიანი ღირებულება.

მაგალითად, გვინდა ჩვენს უბანში სპორტული მოედნის მოწყობა და სავარჯიშოდ ახალგაზრდების მოზიდვა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ჩვენი უბნის ახალგაზრდობას არ აქვს საკმარისი ხელმისაწვდომობა სპორტზე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია.

ამ შემთხვევაში პროექტის მიზნად შეიძლება მივუთითოთ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. თავდაპირველად, უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება დეტალურად აღვწეროთ არსებული მდგომარეობა, ვისაუბროთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე და მისი დამკვიდრების აუცილებლობაზე, პრობლემებზე, რასაც ახალგაზრდობაში სპორტის ნაკლებობა იწვევს და ამის მიზეზებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სავარჯიშო ადგილების მიუწვდომელობაა ფასის ან გეოგრაფიული მდებარეობის გამო. შეძლებისდაგვარად მოვიყვანოთ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც შეგვიძლია, მოვიძიოთ სამინისტროების, თვითმმართველობის ორგანოების ან არასამთავრობო ორგანიზაციების საიტებზე.

ჩვენი პროექტის ამოცანები იქნება:

  1. სპორტული მოედნის მოწყობა;
  2. ახალგაზრდების მიზიდვა სავარჯიშოდ.

აქ უკვე შევეცადოთ, დავასაბუთოთ ზოგადად სპორტული მოედნის საჭიროება ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და კონკრეტულად, ამ მოედნის არსებობის საჭიროება უშუალოდ ჩვენს უბანში - ხაზი გავუსვათ სავარჯიშო ადგილის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ამის შემდეგ მივუთითოთ, რომ სპორტული მოედნის არსებობა, თავისთავად, ვერანაირი მიზნის მიღწევას ვერ შეუწყობს ხელს თუ მისით არ ისარგებლებენ კონკრეტული ადამიანები, ვისთვისაც იგი განკუთვნილია (ბენეფიციარები).

ჩვენს მაგალითში პროექტის განხორციელების გზები, პირველი ამოცანისთვის, იქნება მერიისადმი (გამგეობისადმი ან სხვა შესაბამისი ორგანოსადმი) მიმართვა სპორტული მოედნისთვის ადგილის გამოსაყოფად; მოედნის პროექტის შედგენა და დამტკიცება; მოედნის მშენებლობა. ხოლო მეორე ამოცანისთვის, სპორტული მოედნის პოპულარიზაციის ღონისძიებები - ადგილობრივ პრესაში, ინტერნეტით, შეძლებისდაგვარად, ტელევიზიით ახალი სპორტული მოედნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; სოციალური რეკლამა - სარეკლამო კლიპი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტის პოპულარიზაციას მიეძღვნება და ამ ყველაფერს ჩვენს მოედანთან დააკავშირებს; მცირე შეჯიბრებების ან ღონისძიებების მოწყობა მოედანზე, სიმბოლური პრიზებით და ა.შ.

რისკებში შეგვიძლია მივუთითოთ თვითმმართველობის ორგანოების (მერიის ან ნებისმიერი სხვა ორგანოს მხრიდან, რომელსაც პარტნიორად მოვიაზრებთ) მხრიდან გულგრილობა და უმოქმედობა. ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის ნაკლებობა და ა.შ.

ჩვენი პროექტის მოსალოდნელი შედეგები იქნება, ერთი მხრივ, აშენებული და მოწყობილი სპორტული მოედანი და მეორე მხრივ, იმ ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც რეგულარულად სარგებლობენ მოედნით.

დისკუსია და დებატების წარმოების წესი

დისკუსია რაიმე თემაზე საუბარს ეწოდება. ეს ნეიტრალური ტერმინია და აღნიშნავს როგორც საუბარს ერთ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, ასევე, მოწინააღმდეგებს შორის. დებატები უფრო ფორმალური ტერმინია, რომელიც ერთ და იმავე თემაზე ან საკითხზე სხვადასხვა/საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებს შორის გამართული დისკუსიის აღსანიშნავად გამოიყენება. გარდა ამისა, დებატები შეიძლება წერილობითი ფორმითაც წარმოებდეს, თუმცა ყველაზე გავრცელებული და ტრადიციული ფორმა ზეპირსიტყვიერია.

მაგალითად, არჩევნების წინ ხშირად იმართება პოლიტიკური დებატები, რომლებშიც ერთმანეთს კონკურენტული პარტიების წარმომადგენლები უპირისპირდებიან. ამ დროს განიხილება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელზეც ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს - ჯანდაცვის სისტემა, ამა თუ იმ სფეროს რეფორმა და სხვა.

დებატები ეწოდება, ასევე, პარლამენტში, ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელი დეპუტატების გამოსვლებს. ამ დებატების წესი, საქართველოში, გაწერილია პარლამენტის რეგლამენტით - გამომსვლელების თანმიმდევრობის განსაზღვრა, თითოეულისთვის დროის განსაზღვრის წესი და ა.შ. ამ ყველაფერს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არეგულირებენ.

დებატებს ხშირად მართავენ სასწავლო დაწესებულებები, სტუდენტებისთვის საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარის ასამაღლებლად. არსებობს არაერთი წესი, რომლებიც დებატების მონაწილეებისთვის, მათი აზრის უფრო ეფექტურად გადმოცემისთვის და მეტი დამაჯერებლობისთვის არის ჩამოყალიბებული, მათ შორის, სხეულის ენა - ჟესტები, მზერის მიმართულება თუ თვალების პოზიცია, დგომის მანერა და სხვა. არსებობს სხვადასხვა ჩამონათვალი იმ სიტყვებისა და სიტყვათწყობისა, რომლების გამოყენებაც სასურველი ან არასასურველია დებატების დროს, მსმენელის/მაყურებლის კეთილგანწყობის დასამსახურებლად.

როგორც წესი, ორგანიზებულ დებატებში არის ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორი ჯგუფი, მოდერატორი და რამდენიმე წევრისგან შემდგარი კომისია. დებატები ხშირად საჯაროა და მას მაყურებლებიც ესწრებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, დებატების მონაწილეთა შეფასებისას დარბაზის შეფასებასაც ითვალისწინებენ, თუმცა უფრო ხშირია, როცა კომისია აფასებს დასაბუთების ხარისხს და წონადობას. წინასწარ განისაზღვრება საკითხი, რომელზეც გაიმართება დებატები და წესები - თითოეული მონაწილისთვის გამოყოფილი დრო, გამოსაყენებელი მასალა, რიგითობა და ა.შ. ერთ ჯგუფს ევალება, შემოთავაზებულ საკითხზე მხარდაჭერის პოზიცია დაასაბუთოს, ხოლო მეორეს - პირიქით, საწინააღმდეგო. მოდერატორი, როგორც წესი, დებატების შინაარსში არ ერევა. მას მხოლოდ წესების დაცვის უზრუნველყოფა ევალება - მონაწილეების მიერ გამოყოფილი დროის და რიგითობის დაცვა, ზოგჯერ, ნათქვამის რეზიუმირებაც.

კვლევა

კვლევა ეწოდება რაიმე საკითხის შესწავლას მდგომარეობის, პრობლემების ან პროგრესის აღწერის და დასკვნის ან რეკომენდაციების მომზადების მიზნით. კვლევის ჩატარებისთვის ბევრი მეთოდი არსებობს. ყველაზე ხშირად, კვლევის პროცესი იყოფა სამაგიდო და საველე კვლევად.

სამაგიდო კვლევა ეწოდება დოკუმენტების, ტექსტების, სხვადასხვა მასალის, მათ შორის, კორესპონდენციის მოგროვების, შესწავლისა და გაანალიზების პროცესს, ხოლო საველე კვლევას უწოდებენ სხვადასხვა პირებთან, უწყებებთან ან ორგანიზაციებთან შეხვედრებს, გამოკითხვებს, სხვადასხვა პროცესის ადგილზე დაკვირვებას და ა.შ., ანუ ყველა იმ სამუშაოს, რომელიც მკვლევარისგან გადაადგილებას, სხვა პირებთან შეხვედრას და კომპიუტერის ან სამუშაო მაგიდის გარეთ აქტივობებს გულისხმობს.

ორივე ზემოაღწერილი მეთოდით შეგროვებული მონაცემების შესწავლის და გაანალიზების შედეგად მკვლევარს უნდა შეეძლოს კვლევის საგნის აღწერა, არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზება და კვლევაში ასახვა, ასევე, დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება მომავალში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. კვლევის შესავალში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი გამოყენებული მეთოდოლოგია (მაგალითად, რომელი დოკუმენტები შეისწავლა მკვლევარმა, ვის გაესაუბრა, ვისი გამოკითხვა ჩაატარა, საიდან მოიპოვა სტატისტიკური მონაცემები და ა.შ.).

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ