თავი 1, გაკვეთილი 17

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები

დემოკრატიულ სახელმწიფოში, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს, არსებობს საშუალებები, რომელთაც უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მათ აღსადგენად მივმართავთ.

თუმცა მაშინ, როდესაც პირი საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სახელმწიფოს შიგნით ვერ ახერხებს, მას შეუძლია საკუთარი უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები (ინსტრუმენტები) გამოიყენოს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები შეგვიძლია დავყოთ:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალურ;
  2. და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონულ ინსტრუმენტებად.

ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან საერთაშორისო უნივერსალურ ინსტრუმენტებს წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელსაც შესაძლებელია მიმართოთ, თუ თვლით რომ თქვენი ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, ან დადასტურებული ცნობები გაქვთ სხვისი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივისაშუალებები ამოწურულიაამოწურულია. თუმცა, სამწუხაროდ, საბჭოს გადაწყვეტილებებს სახელმწიფოებისთვის არ გააჩნიათ სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა.

შედარებით მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ადამიანის უფლებთა დაცვის რეგიონული ინსტრუმენტები. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ევროპის რეგიონი.

ევროპის ადამიანის უფლებებათა სისტემა

ადამიანის უფლებების ევროპული სისტემა სამი ნაწილისგან შედგება:

  • ევროსაბჭოს სისტემა;
  • ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
  • ევროპის კავშირი.

ადამიანის უფლებების ევროპული სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების საპასუხოდ ჩამოყალიბდა ყველაზე დახვეწილი რეგიონულ სისტემად მიიჩნევა. ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და პლურალისტული დემოკრატია ევროპის სამართლებრივი წყობის ქვაკუთხედია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი მექანიზმია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს და რომლის სავალდებულო იურისდიქციაც ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული, ხოლო მოსამართლეთა რაოდენობა ევროსაბჭოს წევრთა რაოდენობას ემთხვევა.

იმისათვის რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჩივრი მიიღოს, აუცილებელია არსებობდეს შემდეგი გარემოებები:

  • ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმების დარღვევის ფაქტი;
  • საჩივრის ავტორი უნდა იყოს დარღვევის მსხვერპლი;
  • ყველა ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი ამოწურული უნდა იყოს;
  • სარჩელი შეტანილი უნდა იყოს შიდასახელმწიფორბრივი მექანიზმების ამოწურვიდან არაუგვიანეს 4 თვის განმავლობაში.

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა და მის აღსრულებას მინისტრთა კომიტეტი უზრუნველყოფს.

სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი ორგანო შესაძლოა გააძევონ საბჭოდან. ამის მაგალითია 2022 წლის მარტში, ევროპის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რითაც რუსეთის სახელმწიფოს უკრაინაში შეჭრისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის საფუძველზე, რუსეთის სახელმწიფო გააძევეს ევროპის საბჭოდან.

ეუთო

(ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია)

ეუთო გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს ადამიანის უფლებებისა და განსაკუთრებით უმცირესობათა უფლებების სფეროში. ეუთოს აქვს ადამიანის უფლებების დეპარტამენტი და ჰყავს ადამიანის უფლებების ოფიცერი, რომლებიც მივლინებულნი არიან ქვეყნებში, რათა ზედამხედველობა გაუწიონ და მოხსენებები გააკეთონ ადამიანის უფლებების არსებულ მდგომარეობაზე, აგრეთვე ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას. ეუთო ასევე დახმარებას უწევს ადამიანის უფლებების სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ ქვეყნებში, სადაც მისიები ჰყავს გაგზავნილი.

ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული არჩევნების დაკვირვებისას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც პლურალისტულ დემოკრატიებად გარდაქმნის პროცესში არიან. ეუთოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგრეთვე ევროპის კონფლიქტების მოგვარებისა და კონფლიქტის შემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში.

ადამიანის უფლებათა დაცვის ამერიკული და აფრიკული სისტემები

მსგავსად ევროპისა, ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი რეგიონული სისტემები გვხვდება ამერიკასა და აფრიკაში.

ადამიანის უფლებების შიდაამერიკული სისტემის არსებობის ათვლის თარიღად ადამიანის უფლებების და მოვალეობების ამერიკული დეკლარაციის მიღების თარიღი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც 1948 წელს იქნა მიღებული ამერიკის ორგანიზაციის ქარტიასთან ერთად. ამ ორგანიზაციის მიერ 1959 წელს დაარსებული შიდაამერიკული კომისია, ასევე ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლო რომელმაც ფუნქციონირება 1979 წლიდან დაიწყო, უფლებათა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოებია.

ადამიანის უფლებების აფრიკული სისტემა 1981 წელს შეიქმნა აფრიკული ქარტიის „ადამიანის უფლებათა და ხალხთა უფლებების შესახებ“ მიღებით, რომლის საფუძველზეც არსებობს ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია, ხოლო 2006 წლიდან ფუნქციონირებს ადამიანისა და ხალხთა უფლებების სასამართლო. დღეისათვის აფრიკის კავშირის 54-მა წევრმა ქვეყანამ განახორციელა ქარტიის რატიფიკაცია, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიდგომას იმეორებს და ერთ დოკუმენტში უყრის თავს ადამიანის უფლებების ყველა კატეგორიას. კომისიის ადგილსამყოფელი გამბიაშია.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის აზიური სისტემა

აზიის მასშტაბით 2009 წლის ოქტომბერში შეიქმნა ადამიანის უფლებების მთავრობათაშორისო კომისია. 2012 წლის ნოემბერში კომისიამ მიიღო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. კომისიის შექმნის მიუხედავად ამ დრომდე არ არსებობს სასამართლო ან სხვა ტიპის მექანიზმი, რომელიც დეკლარაციის დარღვევის შემთხვევებზე ინდივიდუალურ საჩივრებს განიხილავდა. კომისიის მიზანია აზიის მასშტაბით ადამიანის უფლებების მხარდაჭრა, საზოგადოებაში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რეგიონალური ინსტრუმენტების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ აზია-ავსტრალიის რეგიონში არ არსებობს მთავრობათაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა.

 

საერთაშორისო სასამართლოები/ტრიბუნალები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (სასამართლო) არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში. იგი არის მსოფლიოში ერთადერთი მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ასამართლებს ფიზიკურ პირებს გენოციდისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ომის დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულისთვის. სასამართლო დაფუძნდა რომის სტატუტით. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 120 სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს მიერ იქნა მიღებული 1998 წელს. სასამართლომ 2002 წელს დაიწყო ფუნქციონირება, როცა რომის სტატუტი 60 სახელმწიფოს მიერ იქნა რატიფიცირებული.

მაგალითად, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოსცა დაკავების ორდერი, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოა და მდებარეობს ქალაქ ჰააგაში. სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისიწნებით, განიხილოს სახელმწიფოთაშორისი სამართლებრივი დავები, ასევე, მის კომპეტენციაში შედის იმ სამართლებრივი საკითხების შეფასება, რომლებიც გაეთიანებული ერების სხვა ორგანოებისა და სპეციალური სააგენტოების მიერ განსახილველად იქნა ინიცირებული. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის უფლებამოსილებასაც ჰუმანიტარულ სამართალის დარღვევებზე სახელმწიფოთაშორისი საქმეების განხილვა შეუძლია.

ტექსტში ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის 1 ნოემბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ